
თუ მარტის ბოლომდე არ იქნება შეთანხმება, ჩვენ ვიქნებით ავანგარდში წინააღმდეგობის მოძრაობის, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა დავიწყოთ ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მას აქვს კულუარული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრინციპულად არიან განწყობილნი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, გიორგი რურუას საკითხზე კი ზეპრინციპულობას იჩენენ.
„ჩვენ ყველგან ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის და ამის ალტერნატივებიც ვთქვით, მაგრამ დღეს მე გავაკეთე საკმაოდ მკაცრი განცხადება, რადგან პირდაპირ გეტყვით, მე გამიჩნდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ გვეთამაშება, უბრალოდ დროის გაწელვით არის დაკავებული. ეს განცდა გამიჩნდა მათი განცხადებებიდან, მიზანმიმართული მსჯელობებიდან იმაზე, თუ რას არ დათანხმდებიან არცერთ შემთხვევაში, რომ 6-დან ამდენ პუნქტს შეიძლება დასთანხმდნენ და ა.შ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩაშალონ მოლაპარაკებები, ოღონდ ისე ჩაშალონ, რომ როგორმე ოპოზიციას დააბრალონ. ჩვენ ამისთვის შევწყვიტეთ მძლავრი საპროტესტო აქციები, იმიტომ, რომ ვთქვით, მოდით პაუზა ავიღოთ და დაველოდოთ 16 მარტს, რომელიც გარკვეულ შუალედურ დედლაინად ჩამოაყალიბა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
მეორე მიმართულება არის, რას ვაპირებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ მარტის ბოლომდე არ იქნება შეთანხმება, ვიქნებით ავანგარდში წინააღმდეგობის მოძრაობის, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა დავიწყოთ ქვეყნის შიგნით. ვგულისხმობ, რომ ჩვენი პარტნიორი ოპოზიციური პარტიები თუ შემოგვიერთდებიან თუ არადა, მარტოც რომ დამჭირდეს, მაინც ვაპირებ მთელი საქართველოს შემოვლას, რომ ხალხი გავაღვიძოთ, გამოვაფხიზლოთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანა ვაჩუქოთ ამ ხალხს“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, წნეხი უნდა გაძლიერდეს და უნდა დაფიქსირდეს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა თუ ხელისუფლება მოლაპარაკებებს ჩაშლის, სტატუს – კვოსთან შეგუებას არ აპირებს.
„ამ მოლაპარაკებების წინ, რომელიც, სავარაუდოდ, პარასკევს და შაბათს შედგება, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს ასე არ ჩაივლის. ამათ ჰგონიათ, რომ უცხოური განცხადებებიც შეიცვლება, მერე რაღაცას მოაგვარებენ.
მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისინი თურმე პრინციპულად არიან განწყობილნი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, გიორგი რურუას საკითხზე ზეპრინციპულობას იჩენენ. უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ვხედავ, რომ თუ ჩვენ ცოტა სერიოზულად არ ვაჩვენეთ ამ ხალხს, რომ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ესენი ჩვენ გადაგვჩეხავენ. თვითონ სადაც უნდათ იქ გადაიჩეხონ, მაგრამ ქვეყანას მე არ გადავაჩეხინებ ამ ხალხს. მე ამას შევეწირები და ბოლომდე ვიბრძოლებ ამისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დანაშაულის წახალისების მცდელობაში დაადანაშაულა.
„მან დაადასტურა შინაარსი, რომ ეს რეალურად მოხდა. რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდა? ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ის მოწოდება, რაც ქრისტიანობამდე ერაში იყო – „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“. ფაქტობრივად ეს მოწოდება იყო, ასე უნდა მოვიქცეთო. აბა, 90-იან წლებში ხალხი ერთმანეთს რომ ხოცავდა, სხვა კი არაფერი ხდებოდა? ფიზიკურად უსწორდებოდნენ იმიტომ, რომ ამბობდნენ, სამართალი მე თვითონ უნდა დავადგინო ამ საკითხთან დაკავშირებითო. მე საქართველოს მოქალაქეებს, ყველა ადამიანს, ყველა ოჯახს, ყველა მშობელს, ყველა დედას, ყველა შვილს ვეკითხები – ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა ავაშენოთ? ასეთი პარლამენტარები გვინდა? ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები რამეს შექმნიან? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათთვის მართლა ოჯახია ძვირფასი? ოჯახი როცა ძვირფასია, შენ შენს ოჯახს და დედაზე საუბარს არასდროს გამოიყენებ შენი მიზნებისთვის, ცხოვრებაში არ გამიკეთებია ეგეთი რაღაც. ჩემთვის ფასეული კი არა, ზეფასეულია ჩემი ოჯახი, დედაჩემიც და ყველაფერი, მაგრამ რამდენ ადამიანს ჩემზე რამე დაუწერია ნეგატიურად „ფეისბუქში“, მე რომ ეს ბოღმა გულში ჩავიდო, ბოღმა დაგახრჩობს ადამიანს. ჩემს გარშემო ყველას ვეუბნები, რომ ბოღმა გულში არასდროს ჩაიდოს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს პირველ რიგში, ანადგურებს ის ბოღმა, რომელიც მას გულში აქვს ჩადებული იმიტომ, რომ მას აღარ შეუძლია საქმე აკეთოს და აღარ შეუძლია სიკეთეზე იფიქროს. როცა გვეუბნებიან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქადაგებად რომ არიან ხოლმე ქცეული, ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტი რა არის? სიკეთე, სიყვარული, მიტევება და არა ის, რომ გამოვიდე და თვალი დავთხარო ყველას, დავაშინო და გავუგზავნო ვიღაცები დასაშინებლად. ღმერთმა ნუ ქნას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენ, სადაც ამას მასიური ხასიათი აქვს, რისკენაც დღეს მთელი დღეა მთელი „ქართული ოცნება“ მოგვიწოდებს“, – განაცხადა ვაშაძემ.