ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Blog

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომხმარებელთა უკუკავშირით გამოიკვეთა Stack-ის მაღალი საჭიროება, რამაც მის სამომავლო განვითარებას შეუწყო ხელი.

სმარტ-ბრაუზერი დღემდე მხოლოდ MacOS-ზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა 7 მაისიდან Stack უკვე Windows-ზეც იქნება ხელმისავწდომი. ამასთან ერთად ბრაუზერს ქართველი მომხმარებლებისთვის ინტერფეისის ქართული ენის მხარდაჭერაც ექნება.

[embedded content]

ახალმა სმარტ-ბრაუზერმა დღემდე წარმატების დიდი გზა გაიარა, პროდუქტმა ჯამში 12 საერთაშორისო კონკურსზე არაერთი აღიარება მოიპოვა. TechCrunch-მა კი 1 500 პროექტიდან ქართული სმარტ-ბრაუზერი 40 საუკეთესო სტარტაპს შორის ორჯერ შეარჩია. ევროპის და გლობალურ StartUp Grind-ის კონფერენციაზე Stack TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა. კომპანიამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების გრანტიც მოიპოვა და აქსელერაცია ავსტრიულ-ამერიკულ უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორში გაიარა.

ფოტო: Stack

“Stack-ის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, მისი მოქნილობა და სისწრაფეა, რაც ყოველდღიურად ვებ აპლიკაციებთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ნაცნობი ბრაუზერების დიზაინი 20 წლის წინ, თითქმის ინტერნეტთან ერთად შეიქმნა, მარტივი მიზნით — სხვადსხვა ვებგვერდის საპოვნელად, შესასვლელად და იქიდან ინფორმაციის მოსაძიებლად”, — ამბობენ კომპანიაში.

“მას შემდეგ ინტერნეტი შთამბეჭდავად განვითარდა და რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებლებს შორის “ბრაუზინგს” შედარებით ნაკლები დრო ეთმობა. მეტწილად კი ინტერნეტს ყოველდღიურად სამუშაოდ, ინფორმაციის გასაცვლელად, სასაუბროდ თუ გასართობად ვიყენებთ და ამ ყველაფერს შესაბამისი ვებ-აპლიკაციების საშუალებით ვაკეთებთ. გაიხსენეთ თქვენი სოც-ქსელები, ჩეთის ან ვიდეო კონფერენციის აპლიკაციები, ონლაინ საოფისე პროგრამები, ელ-ფოსტა და სხვა. ბოლო პერიოდში სახლიდან მუშაობის ტენდენციის ზრდასთან ერთად ასეთი ყოველდღიური აპლიკაციების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. ჩვენ კი ისევ ძველმოდურ ბრაუზერებს ვიყენებთ, რომელიც 20 წელზე მეტია თითქმის არ შეცვლილა. მათი მუშაობის პრინციპი და დიზაინი კვლავ ბრაუზინგზეა მორგებული და არა ვებ აპლიკაციებთან მუშაობაზე. გინახავთ ე.წ. ტაბებით გადაჭედილი თქვენი ბრაუზერი? შესაძლოა ახლაც ზუსტად ამას უყურებთ… სწორედ ამ პრობლემას წყვეტს Stack”, — გვიხსნიან კომპანიის გუნდის წევრები.

ფოტო: Stack

Stack მომხმარებელს საჭირო სამუშაო, საკომუნიკაციო თუ გასართობი ვებ-აპლიკაციების ე.წ “სთექებში” ანუ დასტებში დახარისხების შესაძლებლობას აძლევს.

სმარტ-ბრაუზერის მეორე უპირატესობა ვებ-აპლიკაციებთან ერთდროული მუშაობის შესაძლებლობაა — აპლიკაციების შორის გადართვა საჭირო აღარაა. ახალი ბრაუზერის მომხმარებელს დასტების თემატურად დახარისხება და მათ შორის მარტივი გადართვის შესაძლებლობაც აქვთ.

მათთვის, ვინც სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად იძიებს ინფორმაციას და ხშირად ახალ გვერდს დროებით ხსნის, Stack-ს განსაკუთრებული “Ghost” ფანჯრები აქვს, რომელიც ერთი ღილაკით, ერთდროულად იხურება და ყურადღებაც ისევ ყველაზე საჭირო აპლიკაციებს უბრუნდება.

სმარტ-ბრაუზერს ვებ-აპლიკაციებში შესასვლელად ერთდროულად რამდენიმე ანგარიშის მხარდაჭერაც აქვს.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუშაობისას Stack-ში ერთი აპლიკაციის მთელს ეკრანზე გაშლა, ყველა სხვა აპლიკაციიდან მოსული შეტყობინებების ერთი ღილაკით გათიშვა და კონცენტრაციის სრულად, მთავარ საქმეზე ფოკუსირება საკმაოდ მარტივია”, — აცხადებს Stack-ის გუნდის წევრი.

სმარტ-ბრაუზერის შექმნის პროცესში სტარტაპ კომპანია ყურადღებით უსმენდა მომხმარებლებს, რომლებიც ინტერნეტს აქტიურად იყენებენ.

“ასეთ მომხმარებლებს შორის არიან პროექტის მენეჯერები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელები და სხვა ადამიანები, რომელთათვისაც ორგანიზებული სამუშაო გარემო და ინტერნეტთან ეფექტური ურთიერთობა მნიშვნელოვანია”, — ამბობენ გუნდში, რომელსაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემისა და ინტერნეტის მოხმარების პროდუქტიულობის ზრდისთვის მომავალშიც დიდი გეგმები აქვს.

ახალი სმარტ-ბრაუზერის გადმოწერა ხვალიდან ამ ბმულზე იქნება შესაძლებელი.

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერას მოხმარდება.

აღნიშნული ფინანსური რესურსის გაცემა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე, როდესაც ინვესტორების მხრიდან რისკების მართვისადმი უაღრესად ფრთხილი მიდგომა შეიმჩნევა, ორ ფინანსურ ინსტიტუტს შორის არსებული მყარი და პროდუქტიული პარტნიორობის ნათელი დასტურია.

მოცემული დაფინანსების დახმარებით, კრისტალი უზრუნველყოფს კრიზისის დროს დაუცველი მიკრო მეწარმეებისთვის აუცილებელი ფინანსური პროდუქტების მიწოდებას, მათ შორისაა საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება და მიზნობრივი ბიზნესკონსულტაციების გაწევა.

არასტაბილური გლობალური საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამგვარი მხარდაჭერის საჭიროებას გავლენის მქონე ინვესტორებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხრიდან. სოფლად არსებული ფართო ქსელის წყალობით, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კრიზისის პერიოდში დაუცველი სექტორების მხარდაჭერაში. BlueOrchard-სგან მიღებული სესხი წარმოადგენს კრისტალის, როგორც ქვეყნის წამყვანი მიკროსაფინანსო დაწესებულების აღიარებას. საინვესტიციო ფონდისგან მიღებული თანხა მიმართული იქნება მდგრადი ეკონომიკის აღდგენისკენ, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის სტაბილურობისა და დასაქმების გარანტია.

2014 წლიდან, კრისტალსა და BlueOrchard-ს შორის არაერთი წარმატებული სასესხო გარიგება დაიდო. COVID-19-ით გამოწვეული უაღრესად კონსერვატიული გლობალური საინვესტიციო კლიმატის ფონზე ამ ორ ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი ნაბიჯია საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

“კრისტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტალის მისიას უზრუნველყოს აუცილებელი სერვისები საქართველოს მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. როგორც გავლენის მქონე ინვესტორებს, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამ ადამიანებს უწყვეტი წვდომა ფინანსურ და სხვა დაკავშირებულ მომსახურებაზე სწორედ რთულ პერიოდში სჭირდებათ. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ კრისტალთან თანამშრომლობა და წვლილი შევიტანოთ ამ წვდომის უზრუნველყოფაში”, — აცხადებს BlueOrchard-ის უფროსი საკრედიტო ოფიცერი ნორმუნდს მიზისი.

“მისასალმებელია BlueOrchard–ის გადაწყვეტილება კრისტალთან პარტნიორობა გააღრმავოს სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო დამფინანსებლების უმეტესობა თავს იკავებს აქტიურობისგან COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დასრულებამდე. მადლობას ვუხდით BlueOrchard–ს კრისტალის საქმიანობისადმი გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნილი უპრეცედენტო ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. ახალი ინვესტიცია დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ პანდემიით დაზარალებული კლიენტების ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას”, — განაცხადა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა.

Betterhelp – Betterfly DDB-ის ახალი პროექტია, რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორი კომუნიკაციით შეინარჩუნოს მომხმარებელი, დროულად გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

პროცედურა მარტივია: მომხმარებელი შედის ონლაინ პლატფორმაზე — betterhelp.ge — ავსებს უფასო კონსულტაციაზე მოთხოვნას, რომელშიც აღწერს ბიზნესს და აღნიშნავს გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილ მთავარ გამოწვევებს. გუნდი უკავშირდება განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და იწყებს რეკომენდაციის მომზადებას. ბოლო ეტაპზე მომხმარებელი იღებს მზა საკომუნიკაციო დოკუმენტს სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებისთვის.

“Betterhelp-ის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს ახალი ტრენდების ათვისებაში და ბაზრის ცვლილებებზე ადაპტაციაში, რათა ერთად შევძლოთ ეკონომიკის დასტაბილურება და ამ გამოწვევის დროულად დაძლევა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ ბიზნესს ახალ რეალობასთან შეგუებაში, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზე და შესაბამისად, ეკონომიკაზეც. სწორედ ამიტომ, გვსურს, გავუზიაროთ ორგანიზაციებს საკუთარი ცოდნა კომუნიკაციასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა ინდუსტრიების წამყვანმა პროფესიონალებმა. ისინი პროექტში ჩაერთვებიან მოწვეულ ექსპერტებად, რომ კიდევ უფრო მეტი სპეციალიზირებული და უტყუარი რეკომენდაცია მივცეთ ბიზნეს სექტორს“ — აცხადებს დავით ბალიაშვილი, სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის გენერალური მენეჯერი.

ეს ყველაფერი არ არის — კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეაქვთ, ბილბორდებით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ

Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის ბიზნესის ხელშემწყობი კიდევ ერთი კამპანია ამოქმედდა — Billboards Base. კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეაქვთ, სარეკლამო სივრცეებს იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ Billboards.ge-ზე. კამპანიის მიზანია, ბიზნესის დახმარება და მისი თითოეული გზავნილის საზოგადოებამდე ზუსტად მიტანა, რომ პანდემიასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს .

#betterfly #betterhelp #billboardsbase

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ საბანკო მომსახურების ფარგლებში სთავაზობს.

VISA Signature ითვალისწინებს: მაღალ სარგებელს ბარათზე არსებულ დადებით ნაშთზე, უფასო (საკომისიოს გარეშე) განაღდებას მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში, LOUNGE KEY-ს პროგრამის ავტომატურ წევრობას, რაც აეროპორტების მოსასვენებელი დარბაზებით მომსახურებას გულისხმობს, კონსიერჟის მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 24/7, საინფორმაციო, საკონსულტაციო, საორგანიზაციო, შეკვეთისა და დაჯავშნის სერვისების ჩათვლით.

ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადსხვა ფასდაკლება და ექსკლუზიური შეთავაზება, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პანდემიის შემდეგ, საქართველოს შეუძლია, ეკონომიკა ნაკლებდამოკიდებული იყოს რუსეთზე — TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის ანგარიშში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ტენდენციებისა და საფრთხეების შესახებ.

TI-მ ის ძირითადი სფეროები შეისწავლა, სადაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე. ეს არის: ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა და ფულადი გზავნილები. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში.

“მრავალი მკვლევარის აზრით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეგვიწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა. წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, რომელიც დღემდე ძალაშია”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათი ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 9%-ია.

TI-ში ამბობენ, რომ Covid-19-ის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება “ბუნებრივად” მცირდება, პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ კი, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე.

“მინიმუმ ეს გარდაუვალი იქნება ტურიზმის შემთხვევაში, რადგან საქართველოს ტურიზმზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება შემცირდება და 2019 წლის დონეზე დაბრუნებას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

[embedded content]

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ასევე აღნიშნავს, რომ Covod-19-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. მათი აზრით, ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას შესძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს.

“დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება. გარდა ამისა, საფრთხის მხრივ ექსპორტ-იმპორტი იმით არის გამორჩეული, რომ მისი სრულად შეწყვეტა გაცილებით იოლად არის შესაძლებელი, ვიდრე ტურიზმის და ფულადი გზავნილების”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

On.ge გთავაზობთ ორგანიზაციის ძირითად მიგნებებს:

ექსპორტი

2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ფაქტობრივად სავაჭრო ბოიკოტი გამოუცხადა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 18% იყო (154 მლნ აშშ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა და 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო (საშუალოდ 34 მლნ აშშ დოლარი წელიწადში).

რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა 2013 წლიდან აღდგა, რაც საქართველოს ხელისუფლების ცვლილებით იყო განპირობებული. 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ 2016 წლიდან ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო და 2019 წელს ქართულ ექსპორტში რუსეთის წილმა 13.2% შეადგინა. გასულ წელს საქართველომ რუსეთში 497 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2.8%-მდეა.

2020 წლის პირველ კვარტალში Covid-19-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია, მათ შორის ვაჭრობაშიც. მარტში საქართველოს ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-მარტის ჯამური ექსპორტი 6%-ით არის შემცირებული. მარტში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 43%-ით შემცირდა, იანვარ-მარტის ჯამური ექსპორტი კი 33%-ით (44 მლნ აშშ დოლარით) არის შემცირებული. ვინაიდან რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირების დონემ ჯამური ექსპორტის კლების დონეს გადააჭარბა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 11.7%-მდე შემცირდა.

ფოტო: საქსტატი

2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 133 მლნ აშშ დოლარით. ასევე, მსხვილი საექსპორტო პროდუქცია იყო: ფეროშენადნობები — 115 მლნ აშშ დოლარით, მინერალური და მტკნარი წყლები — 61 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები — 35 მლნ აშშ დოლარით. ამ 4 პროდუქტზე საქართველოდან რუსეთში გატანილი მთლიანი ექსპორტის 69% მოდის.

2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი კლება (-37%) ფეროშენადნობების ექსპორტშია. შემცირდა ღვინის, მინერალური და მტკნარი წყლების და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც.

“პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, რუსეთის მხრიდან ყველაზე მკაცრი სავაჭრო შეზღუდვების პირობებში, საქართველო რუსეთის ბაზრიდან წელიწადში დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2006 წლის სავაჭრო ბოიკოტის და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი არ განულებულა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში შემცირდა, ამ ეტაპზე რთულია შეფასება, პანდემიის გამო რამდენად შემცირდება რუსულ ბაზარზე ექსპორტი და საბოლოო ჯამში, გაიზრდება, თუ შემცირდება საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ჯამური ექსპორტი უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე პოტენციურად რუსულ ბოიკოტს შეუძლია ზიანი მოგვაყენოს”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ღვინის ექსპორტი

2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 244%-ით, 158 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 158 მლნ დოლარიანი ზრდიდან 110 მლნ რუსულ ბაზარზე მოდის. 2012 წელს რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 23 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წელს კი — 133 მლნ აშშ დოლარის. ამავე წლებში ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 0.04%-დან 57%-მდე გაიზარდა.

2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ექსპორტის მეტი მასშტაბის შემცირების გამო, რუსეთის წილი 59%-მდე გაიზარდა. იანვარ-მარტში რუსეთში 26.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიტანეთ.

ფოტო: საქსტატი

“რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულებაც პოლიტიკური რისკების მატარებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ბოიკოტირებამ, ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის განხილვამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა. ამასთან, ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ძირითადად კახეთის მოსახლეობაა დამოკიდებული და ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ზარალიც დიდ წილად მათ აწვებათ, როცა ბევრ ოჯახს შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია”, — აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში.

იმპორტი

საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტმა 976 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%).

რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (20%) ბენზინს უჭირავს, შემდეგ კი მოდის ხორბალი — 2019 წელს რუსეთიდან 91 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოვიტანეთ. ხორბალზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სასურსათო მოხმარებაში ხორბლის 70%-მდე რუსეთზე მოდის. თუმცა, 2015 წელთან შედარებით, როცა რუსული ხორბლის წილი 82%-ს აღწევდა, შემცირების ტენდენციაა.

2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 72 ათასი ტონიდან 87 ათას ტონამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტირებული ხორბლის 100% რუსული ხორბალი იყო.

ფოტო: საქსტატი

“რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის. ამის დამადასტურებელი ის მოვლენებია, რომლებიც რამდენიმე კვირაა რუსული ხორბლის გარშემო მიმდინარეობს. Covid-19-iს პანდემიის გამო, რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ფაქტობრივად შეაჩერა”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ტურიზმი

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ამბობს, რომ ვაჭრობით რუსეთზე დამოკიდებულება ახალი არ არის, მაგრამ ტურიზმით რუსეთზე დამოკიდებულება ბოლო ათწლეულმა მოიტანა.

“უფრო მეტიც, მიღებული შემოსავლის მხრივ თუ შევადარებთ, რუსი ტურისტებისგან მეტი ფული შემოდის საქართველოში, ვიდრე რუსეთში საქონლის ექსპორტიდან. 2011 წელს რუსი ტურისტების წილი საქართველოს მთლიან ტურიზმში 7.1% იყო – სულ 220 ათასი ადამიანი შემოვიდა, 2018 წელს კი 1.4 მლნ რუსეთის მოქალაქე ეწვია საქართველოს და მისი წილიც 16.2%-მდე გაიზარდა”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

2019 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან ტურიზმში მისმა წილმა 18%-ს მიაღწია. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ფრენების შეჩერებამ ვიზიტორების შემოსვლაზე გავლენა იქონია. გასული წლის ივლის-დეკემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით შემცირდა, მთლიან ტურიზმში მისი წილი კი წლის პირველ ნახევართან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა. საბოლოო ჯამში 2019 წელს რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით მაინც გაიზარდა (წლის პირველი ნახევრის ხარჯზე) და ჯამში 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა მისი წილი 15.7%-მდე შემცირდა.

2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1.1%-ით გაიზარდა, თებერვალში 25%-ით შემცირდა, ხოლო მარტში — 67%-ით იკლო. მთლიანობაში, პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით შემცირდა — 82 ათასით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში. მისი წილიც შემცირდა და 13% შეადგინა, რადგან ვიზიტორების ჯამური მოცულობა რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე ნაკლები მასშტაბით შემცირდა.

ფოტო: საქსტატი

საქართველოში ქვეყნების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა არ კეთდება, მაგრამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით ცნობილია, რომ 2019 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში საშუალოდ 1,282 ლარი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს რუსი ტურისტებისგან საქართველომ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი მიიღო (საქართველოს მშპ-ს მიმართ 4%), 2020 წლის პირველ კვარტალში კი – 70 მლნ აშშ დოლარამდე.

“Covid-19-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას აუკრძალავდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 700 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილი საზღვრები, საუკეთესო შემთხვევაში, 2020 წელს საქართველოს ტურიზმიდან ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დააკარგვინებს”, — წერს TI.

ფულადი გზავნილები

ქვეყნის გარეთ ემიგრანტების მიერ გამომუშავებული ფული საქართველოში ძირითადად ფულადი გზავნილების სახით შემოდის. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2019 წელს — 25%.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, ამას ორი გარემოება განაპირობებს: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები მცირდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდება.

რუსეთიდან გზავნილებმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასის დაცემამ და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 2019 წელს რუსეთიდან 1.9-ჯერ ნაკლები თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე 2013 წელს.

“მეორე მხრივ, ბოლო წლებში ქართველ ემიგრანტთა ახალი ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებისკენ უფრო მიემართებიან, ვიდრე რუსეთისკენ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა გაზარდა. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება გზავნილები ისრაელიდან. ყოველივე ეს რუსეთის წილის შემცირებას იწვევს”, — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მიუხედავად შემცირებისა, 2019 წელს გადმორიცხული 429 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს მშპ-ის მიმართ 2.3%) მნიშვნელოვანი თანხაა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გადმორიცხვების აკრძალვით ფულადი გზავნილების სრულად შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. 2006 წელსაც კი, ქართველების გარკვეული ნაწილის დეპორტაციის მიუხედავად, 2005 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები 78%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წელს, 2006 წელთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო აღნიშნულ წლებში რუსეთის ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით.

2016-2018 წლებში რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაბალი ტემპით იზრდებოდა, 2019 წლიდან კი მან კლება დაიწყო. 2019 წელს რუსეთიდან გზავნილები 6.2%-ით (11 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა.

2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო: იანვარში იგი 5.2%-ით შემცირდა, თებერვალში — 9.3%-ით, ხოლო მარტში — 28.3%-ით. მარტის სტატისტიკაზე პანდემიის გავრცელების ეფექტი აშკარად იგრძნობა.

TI-ის ინფორმაციითვე, ყველა ქვეყნიდან ჯამური გადმორიცხვები მარტში 9%-ით შემცირდა, რაც რუსეთისგან დაფიქსირებულ კლებაზე 3-ჯერ ნაკლებია. მარტში რუსეთის წილმა საქართველოს ფულად გზავნილებში 20.2% შეადგინა, როცა 2019 წლის მარტში იგი 25.5% იყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 15%-ით (14.4 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ამავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში 21% იყო.

ფოტო: საქსტატი

“Covid-19-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება ფულადი გზავნილების სრულად შეწყვეტას მოახერხებდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარს დაკარგავდა. თუმცა, ეს ძალიან არარეალური სცენარია, რადგან ამ შემთხვევაში ემიგრანტები სხვა გზით გამოგზავნიდნენ ფულს. რუსეთში გამომუშავებული თანხის საქართველოში გადმორიცხვის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასობრივი დეპორტაციაა. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, მათი დეპორტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

რუსული ინვესტიციები და ენერგო რესურსები

საერთაშრისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსულ ენერგო რესურსებზე საქართველოს დამოკიდებულება. ასევე, დაბალია საქართველოს რუსულ ინვესტიციებზე დამოკიდებულება.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 4%-მდე იყო. ბუნებრივი აირის მოხმარებაში კი, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებული აირის წილი — 1.7%.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2015-2019 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ 3.4% იყო. თუმცა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში ამბობენ, რომ ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის და ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.

ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  • პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
  • პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქტიურად დაეხმაროს ბიზნეს სექტორს. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
  • პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი შედეგიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა იყოს.

ახალი ამბები

[unable to retrieve full-text content]

პოლიტიკური სასამართლო – გიორგი რურუას დისტანციური პროცესი დასრულდა

ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მედია საშუალების მფლობელის სასამართლო, რომელზეც მოწმე პოლიციელები დაკითხეს, დღეს დისტანციურად გაიმართა და მთელი ამ პროცესით გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის ფაქტი კიდევ ერთი დადასტურდა.

საპატრულო პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გიორგი რურუა დააკავა, აღიარებს, რომ მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავების ოპერაცია არაფორმალური ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. პოლიციელის თქმით, მას არც რურუას ჩხრეკაში მიუღია მონაწილეობა და ავტომობილიდან იარაღის ამოღების შესახებაც მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო.

დაკითხულმა პოლიციელებმა დაასახელეს იმ სამართალდამცველის სახელი, რომელმაც მათ არაფორმალურად, უბრალო სატელეფონო ზარის საშუალებით სთხოვა რურუას ავტომობილის გაჩერება. ეს ადამიანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დავით დვალიშვილია. 

დვალიშვილი შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია, მას, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი გაგა კირკიტაძე და კახაბერ საბანაძე მფარველობდნენ. ის საკმაოდ აქტიური იყო გასულ წელს, სამეგრელოში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროსაც მთავრობის დავალებული სხვადასხვა უკანონო ოპერაციების შესრულებისას. დვალიშვილი მონაწილეობდა ასევე ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებაში და მას ბევრი წლით ციხეში გაშვებით ემუქრებოდა. კაპანაძის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს რეაგირება არ მოჰყოლია.  

პატრულის ოცმეთაურმა სასამართლოში დღეს დაადასტურა, რომ გიორგი რურუას დაკავების ოპერაცია უკანონო იყო. ბრალდების მხარის მოწმემ პროცესზე ეს რამდენჯერმე გაიმეორა.

ახალ გზაზე რომ ვიყავი, ჩემს მეწყვილეს დაურეკა. მერე თვითონ მითხრა. დაურეკა დავით დვალიშვილმა, რომელიც მუშაობს თბილისის სამმართველოში და უთხრა, რომ “ტოიოტა პრადო” იყო გასაჩერებელი. დახმარება გვთხოვა. უნდა მოძრაობდეს ვაკის ტერიტორიაზეო. პირად მობილურზე დაურეკა. რაციაში არ გადმოუცია. დავით დვალიშვილთან დაქვემდებარება არ გვაქვს, – ამბობს მოწმე ვალერიან ფოდიაშვილი. 

დაცვის მხარისთვის საეჭვოა ის ფაქტიც, რომ არც პატრულის მანქანაში დამაგრებული კამერისა და არც სამხრე კამერების ჩანაწერები საქმეში არ არსებობს. 

ყოველთვის, როდესაც პოლიციელთა მხრიდან რაიმე გადაცდომაზეა საუბარი, შსს ამბობს, რომ სამხრე კამერები, გარე კამერები არის გაფუჭებული, გამოსული მწყობრიდან, არ ახორციელებენ ჩაწერას. რაც ნიშნავს, რომ პოლიცია რეალურად ცდილობს დანაშაულის დამალვას, – აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩხრეკა იმ ტერიტორიაზე ჩატრადა, სადაც ავტომობილი გააჩერეს და იარაღის მაყუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თუმცა პოლიციელი გიორგი კოღუაშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაიკითხა, ამბობს, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაუნახავს  და მხოლოდ მეორე დღეს, კოლეგებისგან  გაიგო, რომ რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციელი კოღუაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გიორგი რურუა შეიარაღებული იყო. შესაბამისად, გაუგებარია რატომ მივიდნენ მის დასაკავებლად პოლიციელები იარაღის გარეშე. 

პოლიციელებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირი გადაადგილდება ცეცხლსასროლი იარაღით, გავიდნენ მის დასაკავებლად ისე, რომ თვითონ არ აქვთ იარაღი. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ პოლიციელებმა კარგად იცოდნენ, რომ გირგი რურუას იარაღი თან არ ჰქონდა და მიდიოდნენ არა მის გასაჩხრეკად, არამედ ოპერაცია რეალურად იყო მისთვის იარაღის ჩადება და დაპატიმრება, – ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი. 

დისტანციურად გამართული პროცესის მთავარ აქტორს, გიორგი რურუას ეჭვი აქვს, რომ მოწმე პოლიციელები ოთახში, საიდანაც ჩვენებას აძლევდნენ, მარტო არ იყვნენ, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ამის გამო, დაცვის მხარე სხდომების დისტანციურ რეჟიმში ჩატარების გაუქმებასა და სასამართლოს შენობაში სპეციალური აღჭურვილობით ჩატარებას ითხოვს. 

საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ავტორიტარიზმის ნიშნულს უახლოვდება – “Freedom House”-ის ანგარიში

საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია – საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-ი წლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაცია საკუთარ დასკვნაში იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში მკვეთრად დაეცა. მიზეზებს შორის სახელდება საუკუნის პოლიტიკურ ტყუილად შეფასებული საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა. დასკვნაში ნათქვამია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა  არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შანსებს საგრძნობლად შემცირებდა, ამიტომ ხელისუფლებამ  საკუთარი დაპირების შესრულება გადაიფიქრა.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, “ქართული ოცნების” მმართველობის მთავარ ჩავარდნად ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობის არარსებობა სახელდება. “Freedom House” ღიად წერს, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიგი უგულავას საქმეებმა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბა.

“Freedom House”-ის უმწვავესი შეფასებებს ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას მმართველობის რეჟიმის შეცვლისა და დასავლელი პარტნიორების გზავნილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

“Freedom House”-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეიტინგი 3, 29-დან 3,25 ქულამდე შემცირდა. თუ ბიძინა ივანიშვილის ჰიბრიდული რეჟიმი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას არ გაითვალისწინებს, საქართველოს მსოფლიო რუკაზე  ისევ უსიამოვნო შეფერილობა და ავტორიტარულ რეჟიმებთან  მიახლოვება ემუქრება.

კოკა ყანდიაშვილთან თანამშრომლობა ქართულმა ოცნებამ ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა

კოკა ყანდიაშვილი სახელისუფლებო ტროლები ქარხნის განადგურების ოპერაციის მთავარი მსხვერპლი აღმოჩნდა – საფუძლიან კვლევებზე დაყრდნობით “ფეისბუქმა” კოკა ყანდიაშვილის პირადი და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამავრცელებელი ყველა ანგარიში გააუქმა.  

ტროლების ქარხანა აღარც რეალურ ცხოვრებაში იძებნება. კოკა ყანდიაშვილის სააგენტო “ეს პერსონა” “მთავარმა არხმა” ქალაქის ვერცერთ მისამართზე ვეღარ იპოვა. როგორც ჩანს, სააგენტოს თანამშრომლები მუშაობას სახლებიდან განაგრძობენ. 

ტროლების ხელისუფლებასთან კავშირს “ქართული ოცნება” არ აღიარებს. ფაქტის უარსაყოფად მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს სპეციალური ბრიფინგიც გამართა, თუმცა საზოგადოების მხრიდან დამცინავი რეაქციის მიღების შემდეგ, ივანიშვილის გუნდში რიტორიკა შეცვალეს. ხელისუფლებამ მაშველ რგოლად გია ვოლსკი გამოიყვანა, რომელმაც  დაადასტურა, რომ კოკა ყანდიაშვილი მათი თანაგუნდელია.

კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებას მთავარი არხი მთელი დღე ცდილობდა, მაგრამ იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. დღის ბოლოს მან განცხადება ესპერსონას გვერდზე გამოაქვეყნა: 

არახალია, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს… 

2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ, – ვკითხულობთ მის განცხადებაში.

კოკა ყანდიაშვილის ტროლების ქარხნის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ოპოზიციის დისკრედიტაციაზე მუშაობდა, კვლევა მითების დეტექტორმა ჩაატარა. თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის მძლავრი იარაღი სჭირდება, “ფეისბუქისგან” კი მორიგი წითელი ბარათი უკვე  მეორედ მიიღო.

ეს იყო მასშტაბური ოპერაცია ფეისბუქის მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ფეისბუქის ადმინისტრაციისგან, განმეორებითი გზავნილი, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ფეისბუქი, როგორც დემოკრატიული პლატფორმა და რომ მისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენთან საარჩევნო პროცესი, – ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.   

ყალბი გვერდების გამოვლენაზე მუშაობას “ფეისბუქი” ისევ აგრძელებს. ტროლების ქარხნის რამდენიმე ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციები და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიაც აკვირდებიან. 

კოკა ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა ფიზიკურადაც აღარ იძებნება

ფეისბუქიდან კოკა ყანდიაშვილისა და მისი ტროლების ქარხნის გაქრობას, ამ უკანასკნელთა რეალური ცხოვრებიდან გაქრობაც მოჰყვა.  

კოკა ყანდიაშვილი რეალურ ცხოვრებაშიც აღარ იძებნება. ბაქრაძის #9 სააგენტო “ეს პერსონას” ოფიციალური მისამართია, სადაც არანაირი აქტივობა აღარ ფიქსირდება. მეორე მისამართი, სადაც სააგენტო ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა, ვაჟა-ფშაველას #19-ია და “ეს პერსონას” თანამშრომლები ბოლო რამდენიმე დღეა არც აქ გამოჩენილან. 

კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ამ ოფისში დადიოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც არც იგი და არც სხვა მეზობლები იცნობდნენ, თუმცა მათი საქმიანობით არ დაინტერესებულან, რადგან შემაწუხებელს და ხმაურიანს არაფერს აკეთებდნენ.   

ასევე დაცარიელებულია “გრატო პასაჟში” არსებული საოფისე ცენტრიც, სადაც ბოლო მონაცემებით ყანდიაშვილთან დაკავშირებული ტროლების ქარხანა იყო განთავსებული.