ივლისში რუსი ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით შემცირდა

0
13

მიმდინარე წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით 14,8 პროცენტით ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა. ამის მიუხედავად, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ერთი პროცენტით გაიზარდა. მონაცემები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

გასული წლის ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 169 857 დან 159 063-მდე (-6,4%) შემცირდა, ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი კი 127 065-დან 108 214-მდე.

საჰაერო გზით საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა (-48,8%) და 43 073-დან 22 061-მდე შემცირდა. მოთხოვნა გაზრდილია სხვა ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე: სახმელეთო (+7,1%), სარკინიგზო (+85,5%) და საზღვაო (57,9%).

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტოპ 15 ქვეყნიდან მხოლოდ სამ შემთხვევაში იყო ვიზიტორების პროცენტული კლება: ირანი (60,8%), აშშ (15,5%) და რუსეთი (6,4%).

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

რუსეთის ტურისტული ემბარგო

რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო ერთი თვის წინ დაუწესა. 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები რუსული და ქართული კომპანიებისთვის შეიზღუდა.

რუსეთმა საქართველოს “ტურისტული ემბარგო” 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეების სანტისაოკუპაციო აქციები უკვე 19 დღეა გრძელდება.