ხაზარაძე-ჯაფარიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თანამდებობები დატოვეს

0
4

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი. მაათივე ცნობით, თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, განაცხადა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თანამდებობების დატოვებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვეს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ამჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ მათთან დაკავშირებულმა პროცესებმა უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე:

“ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს, ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები”.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატებიან:

“სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Dentons-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება”.

კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი.