ფინანსთა სამინისტრო რ2-ს, იმედსა და მაესტროს ვალის გადახდაზე შეთანხმებას სთავაზობს

0
8

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ სამინისტრო მზადაა, უახლოეს ვადებში, 1-2 კვირაში იმ ტელევიზიებთან, რომლებსაც დაგროვილი აქვთ გადასახადები, ვალის რესტრუქტურიზაციის მოდელზე შეთანხმდნენ.

“ამის სხვადასხვა მოდელი არსებობს”, — ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში დღეიდანვე უნდა დაიწყოს მიმდინარე დავალიანების გადახდა რათა აღარ დაგროვდეს ძველი ვალი:

“რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის იმედი, რუსთავი 2 და მაესტრო. რუსთავი 2-ს აქვს 28 მილიონის ფარგლებში, იმედს აქვს 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო მაესტროს 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის საგადასახადო დავალიანება”.

ვანო მაჭავარიანის თქმით, სამინისტრო მზადაა, მაქსიმალურად კონსტრუქციული იყოს და “შევიდნენ მათ მდგომარეობაში”. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების საგანია ისიც, რომ ვალების ნაწილის ჩამოწერაც შეიძლება მოხდეს:

“ერთბაშად მათი გადახდა გაუჭირდებათ ტელეკომპანიებს და მათი ყოფნა-არყოფნბის საკითხი დადგეს. ეს არაა ჩვენი ინტერესი”.