ბრიტანეთს ჩვენი ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით მიმართეს — ჯაფარიძე

0
10

თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა და ბიზნესმენების თანხების შესწავლა სთხოვა. ჯაფარიძის განმარტებით, უწყებას ეჭვი აქვს, რომ მათი თანხები კრიმინალური წარმოშობისაა.

მისი თქმით, ქართულმა სასამართლომ უკვე მიიღო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება, რადგან არ გადაუმოწმებია არის თუ არა საფუძვლიანი პროკურატურის მოთხოვნა. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა ბრიტანულ მხარეს უკვე გადაეგზავნა.

“როცა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართავს სახელმწიფო უწყება, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შეთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინსტიტუტი”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, მათი კანონიერი შემოსავლების დაყადაღებას. ბიზნესმენის თქმით, მზად არიან ითანამშრომლონ ბრიტანეთთან.

“დღეიდან ვაპირებთ ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ჩვენი მეგობარი საელჩოების დახმარებით, რომელიც გამოიყენება ამ სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების გახნორციელებაში… მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებულ შტატების და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩოს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს არის სიმართლე და გამჭვირვალობა” — განაცხადა ჯაფარიძემ.

On.ge ცდილობს შესაბამის უწყებებთან დაკავშირებას ინფორმაციის დასაზუსტებლად და განმარტებების მისაღებად. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.