დავით ნარმანიას სემეკის თავმჯდომარედ არჩევის პროცესი გადაიდო

0
6

დავით ნარმანიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარედ არჩევის პროცესი გადაიდო. ნარმანიას კანდიდატურის დამტკიცებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ წარდგენის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი ევროპული საქართველოს წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დააყენა.

მან კონსტიტუციის ის მუხლი წაიკითხა, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ჩამონათვალში ვერ მოხვდა სემეკის თავმჯდომარის წარდგენის პროცედურა.

ამ საკითხზე თანხმდებიან როგორც ევროპული საქართველოს, ისე ქართული ოცნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომდგენელი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ ის უფლება-მოსილება აქვს, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი. უმრავლესობის წევრი, დავით კახიანი კი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა იმოქმედა კანონის შესაბამისად, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კონსტიტუციასთან.

ის ვარაუდობს, რომ სემეკის თავმჯდომარე იმ დრომდე ვერ აირჩევა, სანამ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა არ იარსებებს.