ნათია ლაზაშვილის ქმარს კომუნიკაციების კომისიიდან წამოსვლის შემდეგ სემეკის წევრობა უნდა

0
12

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარს კომუნიკაციების კომისიიდან წამოსვლის შემდეგ ენერგეტიკის მარეგულირებელში მუშაობის დაწყება უნდა. გიორგი ფრუიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესთავაზა, შემდეგ კი პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.

ორივე თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. მაგალითად, 2018 წელს კომუნიკაციების კომისიაში გიორგი ფრუიძემ 192 ათას ლარზე მეტი გამოიმუშავა, სემეკის წევრების ხელფასი კი დაახლოებით 130 ათასია.

გიორგი ფრუიძემ კომუნიკაციის კომისიის წევრის თანამდებობაზე 2015 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა. ის ამავე თანამდებობაზე მუშაობდა წინა ხელისუფლების დროსაც (2004-2009 წლებში), თუმცა ახლა თანამდობის დატოვება ინტერესთა კონფლიქტის გამო მოუწია.

მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 11), კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის. ინტერესთა კონფლიქტის არსებობა On.ge-ს თავად ფრუიძემაც დაუდასტურა, თუმცა ის ესწრებოდა კომუნიკაციების კომისიის სხდომასაც და გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.