ბარაკ ობამა – ბუნებრივია გლოვა, როდესაც ვხედავთ, როგორ იკარგება ისტორია, თუმცა ამავე დროს ბუნებრივია მისი აღდგენა ხვალისთვის – 1TV

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

ბარაკ ობამა – ბუნებრივია გლოვა, როდესაც ვხედავთ, როგორ იკარგება ისტორია, თუმცა ამავე დროს ბუნებრივია მისი აღდგენა ხვალისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მწუხარებას გამოთქვამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო და თანადგომას უცხადებს საფრანგეთის მოსახლეობას. ამის შესახებ ბარაკ ობამა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და პარიზის საკათედრო ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძურია და ჩვენ ახლა ამ გლოვის წუთებში ვფიქრობთ საფრანგეთის მოსახლეობაზე. ჩვენთვის ბუნებრივია გლოვა, როდესაც ვხედავთ, როგორ იკარგება ისტორია, თუმცა ამავე დროს, ჩვენთვის ბუნებრივია მისი აღდგენა ხვალისთვის“, – დაწერა ბარაკ ობამამ „ტვიტერში“.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.