გამოცდილება VS სილაღე

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა, ერთ-ერთი კი ტურინში, სადაც „იუვენტუსი“ „აიაქსს“ უმასპინძლებს. მეტად საინტერესო მატჩია და განსაკუთრებით ამსტერდამში დაფიქსირებული შედეგის გამო.

„იოჰან კრუიფ არენაზე“ კრიშტიანუ რონალდუს გოლს დავიდ ნერეშმა უპასუხა და ამ წყვილში ყველაფერი ღიაა. თანაც, ჰოლანდიელებმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს. „იუვენტუსს“ კი ამჯერად ცოტა გარისკვაც მოუწევს, რადგან ერთი კვირის წინ ნაჩვენები ხარისხით ძალიან გაუჭირდება.

„იუვენტუსს“ შაბათს სკუდეტოს გაფორმება შეეძლო და ამისთვის საკმარისი იყო „სპალთან“ არ წაეგო, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ უგებდა, მაგრამ წააგო და მომავალი ტურისთვის გადაედო ტრიუმფი. სხვათა შორის, „იუვემ“ ამ მატჩში ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და მოედანზე 4 ფეხბურთელი ახალგაზრდული გუნდიდან იყო.

„აიაქსმა“ კი „ექსელსიორი“ გაანადგურა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. თუმცა, პსვ ეინდჰოვენი იქვეა და „იუვესავით“ მშვიდად შიდა ასპარეზზე ნამდვილად არაა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს უამრავი საკადრო პრობლემა აქვს. ჯორჯო კიელინის წინა მატჩიც გაუცდა და ამჯერადაც ვერ ითამაშებს. მის გარდა, მარიო მანჯუკიჩიც ტრავმირებულია, რომელიც ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. ლაზარეთში მარტინ კასერესი და მატია პერინიც არიან. კიელინისა და მანჯუკიჩის არყოფნა ტურინელთათვის დიდი თავსატეხი და შემაშფოთებელია. ბლეზ მატუიდისა და ფედერიკო ბერნარდესკის ფრთხილად თამაში მართებთ, რადგან ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ნახევარფინალის პირველი მატჩი გაუცდებათ თუ „იუვე“ იქ თამაშის უფლებას მოიპოვებს.

თავის მხრივ, „აიაქსს“ საკადრო პრობლემები არ აწუხებს. ფრენკი დე იონგი შაბათს დაშავდა, მაგრამ ჰოლანდიელთა ლიდერი გამოჯანმრთელდა, გუშინ ივარჯიშა კიდეც და ალბათ მოედანზე იქნება. ერიკ ტენ ჰაგი მხოლოდ ნიკოლას ტალიაფიკოს მოისაკლისებს დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ სამაგიეროდ მაზრაუი ბრუნდება, რომელსაც ამავე მიზეზით ამსტერდამში არ უთამაშია.

მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველი თამაშის შედეგი არაფერს ნიშნავს. ახლა ერთადერთი თამაშია და იმავე დამოკიდებულებით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ატლეტიკოსთან“ გავაკეთეთ. ჩვენ „აიაქსის“ დიდი პატივისცემა გვჭირდება და ჩვენი თამაშის ჩვენება. მეტოქეს სტუმრად ჯერ არ წაუგია, ეს უნდა გვახსოვდეს. შეტევაში ვინ ითამაშებს ჯერ არ ვიცი. კინი ან დიბალა, ან არცერთი. თუ დიბალა-კინიდან ერთ-ერთი ითამაშებს, მაშინ დე შილიო-კასელოდან ერთ-ერთს სათადარიგო სკამზე მოუწევს ყოფნა“.

ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი): „იუვენტუსი“ ფავორიტია, განსაკუთრებით პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე. თუ კარგად ვითამაშებთ შეგვიძლია ამ ბარიერის გავლა. ალეგრი ძალიან გამოცდილია და ეჭვი არ მეპარება, რომ ამჯერად განსხვავებულად ითამაშებს, ვიდრე ერთი კვირის წინ. ჩვენი ტაქტიკური ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ. კრიშტიანუ რონალდუს პერსონალურ მეურვეს არ მივუჩენთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, კინი, რონალდუ

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრაუი; შნე, ვან დე ბეკი, დე იონგი; ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში

მსაჯი: კლემენ ტურპინი

კრიშტიანუ რონალდუს „აიაქსი“ კარში 8 გოლი აქვს გატანილ (6 თამაშში) და მერვე გოლი „იოჰან კრუიფ არენაზე“ 45-ე წუთზე გაიტანა. დავიდ ნერეშმა კი 46-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩიც 1:1 დასრულდა.

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად გავიდა.

ორივე გუნდმა მერვედფინალში დიდებული ქამ-ბექები შემოგვთავაზა. „აიაქსი“ „რეალთან“ ჯერ შინ დამარცხდა (1:2), მაგრამ სტუმრად 4:1 იმარჯვა და შემტეგ ეტაპზე გავიდა. „იუვენტუსმა“ კი „ატლეტიკოსთან“ 0:2 წაგების შემდეგ სახლში 3:0 მოიგო კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით და მეოთხედფინალში გავიდა.

„იუვენტუსი“ ბოლო ხუთ სეზონში მესამედ ეცდება ნახევარფინალში გასვლას, ხოლო „აიაქსს“ საუკეთესო ოთხეულში 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ ჰოლანდიელები სწორედ „იუვენტუსთან“ დამარცხდნენ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებებს დიდი ისტორია აქვს. სულ 13-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, ტურინელებმა 6-ჯერ მოიგეს, ორჯერ ამსტერდამელებმა, ხოლო 5 თამაში ფრედ დასრულდა.

ხსენებული 13 დაპირისპირებიდან 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა. 1973 წელს ბელგრადში ჯონი რეპის გოლით „აიაქსმა“ მოიგო, ხოლო 1996 წელს რომში „იუვენტუსმა“ პენალტების სერიით იმარჯვა. გოლები იმ შეხვედრაში ფაბრიციო რავანელიმ და იარი ლიტმანენმა გაიტანეს.

„იუვენტუსი“ „აიაქსს“ საპლეი-ოფო სტადიაზე ოთხჯერ დაუპირისპირდა და ოთხჯერვე გავიდა შემდეგ ეტაპზე. ბოლოს ასეთი რამ 2009-2010 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ჰოლანდიაში 2:1 მოიგო, ხოლო ტურინში გოლი არ გასულა. ეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალის ეგიდით.

იქამდე, „იუვემ“ 1996-1997 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ადვილად აჯობა მეტოქეს. სტუმრად 2:1 და შინ 4:1. 1977-1978 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა და ტურინელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს. მანამდე, სამი წლით ადრე კი, უეფას თასის 1/8 ფინალში „აიაქსმა“ შინ 2:1 მოიგო, სტუმრად 0:1 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

გარდა ამისა, იყო ორი მატჩი 2004-2005 წლების სეზონშიც, ჯგუფურ ეტაპზე და „იუვემ“ ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ამსტერდამში ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს (1997 წელს 2:1, 2004 წელს 1:0 და 2010 წელს 2:1) კონკრეტულად „აიაქსთან“. ისე კი, „იოჰან კრუიფ არენაზე“ 1998 წელს „ბებერმა სინიორამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო „რეალთან“ (0:1).

ბოლო შეხვედრა ერთი კვირის წინ შედგა ამსტერდამში და ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტატისტიკა

იუვენტუსი

„იუვენტუსისთვის“ ეს რიგით მე-19 მეოთხედფინალია. ტურინელთა ბალანსი დადებითია: 12 მოგება, 6 წაგება.

2017-2018, „რეალი“ (0:3, 3:1)

2016-2017, „ბარსელონა“ (3:0, 0:0)

2014-2015, „მონაკო“ (1:0, 0:0)

2012-2013, „ბაიერნი“ (0:2, 0:2)

2005-2006, „არსენალი“ (0:2, 0:0)

2004-2005, „ლივერპული“ (1:2, 0:0)

2002-2003, „ბარსელონა“ (1:1, 2:1 დამატებით დროში)

1998-1999, „ოლიმპიაკოსი“ (2:1, 1:1)

1997-1998, „დინამო კიევი“ (1:1, 4:1)

1996-1997, „როსენბორგი“ (1:1, 2:0)

1995-1996, „რეალი“ (0:1, 2:0)

1985-1986, „ბარსელონა“ (0:1, 1:1)

1984-1985, „სპარტა“ (3:0, 0:1)

1982-1983, „ასტონ ვილა“ (2:1, 3:1)

1977-1978, „აიაქსი“ (1:1, 1:1 პენ: 3:0)

1972-1973, „უიპეშტი“ (0:0, 2:2 სტუმრად გატანილი გოლით იმარჯვა)

1967-1968, ბრაუნშვაიგის „აინტრახტი“ (2:3, 1:0, 1:0 დამატებით მატჩში)

1961-1962, „რეალი“ (0:1, 1:0, 1:3 დამატებით მატჩში)

12 თვის წინ „იუვენტუსმა“ შინ „რეალთან“ 0:3 წააგო, მაგრამ სტუმრად 3:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურინელები ბოლო წუთამდე 3:0 იგებდნენ, მაგრამ ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გაიტანა. პორტუგალიელი დღეს „იუვეს“ ფეხბურთელია.

„იუვენტუსის“ ბალანსი ჰოლანდიური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში დადებითია: 4 მოგება, 1 წაგება. საინტერესოა, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ოთხჯერვე „აიაქსის“ ბარიერი დაძლია.

მიმდინარე სეზონში „ბიანკონერიმ“ საკუთარ მოედანზე 4 მატჩიდან 3 მოიგო. „იანგ ბოიზი“ (3:0), „ვალენსია“ (1:0) და „ატლეტიკო“ (3:0) დაამარცხა, ხოლო „მანჩესტერთან“ თავად დამარცხდა (1:2).

შარშან, „რეალთან“ წაგებამდე (0:3), „იუვეს“ სახლში 27 მატჩი არ ჰქონდა წაგებული ევროთასებზე (16 მოგება, 11 ფრე). მანამდე ბოლო წაგება 2013 წლის აპრილში, „ბაიერნთან“ თარიღდებოდა (0:2). ბოლო 37 თამაშში ევროტურნირებზე „ალიანც სთედიუმზე“ მხოლოდ 3 წაგება აქვს (22 მოგება, 12 ფრე).

„იუვენტუსი“ ერედივიზიონის წარმომადგენლებთან ბოლო 7 თამაშია დაუმარცხებელია (4 მოგება, 3 ფრე). ბოლოს, 1997-1998 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ფეიენოორდთან“ დამარცხდა (0:2).

„იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ცხრაჯერ უთამაშია, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გახდა გამარჯვებული. 7 წაგებით კი ანტირეკორდის ავტორია.

„იუვენტუსს“ პლეი-ოფში პირველი თამაში სტუმრად 14-ჯერ დაუფუქსირებია და 12-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მათ შორისაა 1997-1978 წლების სეზონი, როდესაც სწორედ „აიაქსთან“ გასვლაზე 1:1 ითამაშა. ტურინშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა და საბოლოოდ პენალტების სერიით მოიგო. საინტერესოა, რომ ხსენებული 14 შემთხვევიდან 10-ჯერ სწორედ ანგარიში 1:1 დაფიქსირდა და „იუვე“ რვაჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა. ბოლოს ეს 1999 წელს ინტერტოტოს თასზე მოხდა, როდესაც რუმინულ „ჩაჰლაულთან“ ითამაშა (1:1 სტუმრად, 0:0 შინ). ორი წაგებიდან კი ყველაზე ცნობილი 1999 წლის გაზაფხულით თარიღდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ წააგო (1:1 სტუმრად, 2:3 სახლში).

იუვენტუსი“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 3 წაგება

2002-2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „მილანი“ (2:3)

1995-1996 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „აიაქსი“ (4:2)

1986-1987 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპი: „რეალი“ (1:3)

1985 წელი, საკონტინტენთაშორისო თასი: „არხენტინოს ხუნიორსი“ (4:2)

1980-1981 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ვიძევი“ (1:4)

1977-1978 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი: „აიაქსი“ (3:0)

აიაქსი

„აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქამდე 12-ჯერ უთამაშია და დადებითი ბალანსი აქვს: 8 მოგება, 4 წაგება.

2002-2003, „მილანი“ (0:0, 2:3)

1996-1997, „ატლეტიკო“ (1:1, 3:2 დამატებით დროში)

1995-1996, „დორტმუნდი“ (2:0, 1:0)

1994-1995, „ჰაიდუკი“ (0:0, 3:0)

1979-1980, „სტრასბური“ (0:0, 4:0)

1977-1978, „იუვენტუსი“ (1:1, 1:1, პენ: 0:3)

1972-1973, „ბაიერნი“ (4:0, 1:2)

1971-1972, „არსენალი“ (2:1, 1:0)

1970-1971, „სელტიკი“ (3:0, 0:1)

1968-1969, „ბენფიკა“ (1:3, 3:1, 3:0 დამატებითი მატჩი)

1966-1967, „დუკლა“ (1:1, 1:2)

1957-1958, „ვასუსი“ (2:2, 0:4)

2003 წელს „მილანთან“ წაგებით (2:3) დასრულდა „აიაქსის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია პლეი-ოფის საგარეო მატჩებში (2 მოგება, 3 ფრე).

სანამ „აიაქსი“ „რეალს“ მადრიდში დაამარცხებდა, იქამე მიჯრით 7 მატჩი არ ჰქონდა საპლეი-ოფო სტადიაზე მოგებული (2 ფრე, 5 წაგება) მას შემდეგ, რაც „ატლეტიკო“ 3:2 დაამარცხა.

„აიაქსი“ სანამ „რეალს“ დაამარცხებდა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად მიჯრით სამჯერ იყო დამარცხებული და სამჯერვე იტალიურ გუნდებთან.

მიმდინარე სეზონში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ევროასპარეზზე ჩატარებული 15 თამაშიდან ერთადერთი წააგო (8 მოგება, 6 ფრე). ეს მარცხი მერვედფინალში „რეალთან“ (1:2) განიცადა. სტუმრად კი პირველი თამაში გრაცის „შტურმთან“ ჩაატარა (3:1), მერე იყო 4 ფრე, მათ შორის, „ბაიერნთან“ (3:3) და „ბენფიკასთან“ (1:1), ხოლო აეკ-ი (2:0) და „რეალი“ (4:1) დაამარცხა.

„აიაქსი“ ერთადერთი გუნდია მეოთხედფინალში, რომელიც ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. დანარჩენი გუნდებისთვის ჩემპიონთა ლიგა ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო (ისევე, როგორც მერვედფინალიდან გავარდნილი 8 გუნდისთვის).

ამსტერდამელებს იტალიელების წინააღმდეგ 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშიათ, როდესაც „მილანს“ ორჯერ დაუზავდნენ (შინ 1:1, სტუმრად 0:0) ჯგუფურ ეტაპზე. ისიც აღსანიშნავია, რომ „აიაქსს“ სერია A-ს ბინადრებთან ბოლო 6 თამაში არ წაუგია (1 მოგება, 5 ფრე). ბოლოს სწორედ „იუვენტუსთან“ დამარცხდა 2010 წლის თებერვალში.

„აიაქსი“ ბოლო 4 თამაშია იტალიაში არ დამარცხებულა (2 მოგება, 2 ფრე). საინტერესოა, რომ ყველა მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

„აიაქსის“ ბალანსი პლეი-ოფში იტალიური გუნდების წინააღმდეგ უარყოფითია: 5 მოგება, 7 წაგება. მათ შორის ბოლო ოთხი შემთხვევიდან სამჯერ გამოეთიშა ასპარეზობას. ხოლო 7 გამოთიშვიდან 4 „იუვენტუსის“ კისერზეა.

„აიაქსი“ 12 შემთხვევიდან 9-ჯერ გამოეთიშა ასპარეზობას, როდესაც პირველი მატჩი სახლში ფრედ ითამაშა. უშუალოდ 1:1-ს რაც შეეხება, 3 მომდევნო ეტაპზე გასვლა და 4 გამოთიშვა. 1997 წელს, მეოთხედფინალში „ატლეტიკო“ დაამარცხა (1:1 შინ, 3:2 სტუმრად დამატებით დროში), თუმცა ბოლო მსგავსი შემთხვევის დროს დამარცხდა. 2016-2017 წლის სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე „როსტოვთან“ (1:1 შინ, 1:4 სტუმრად).

„აიაქსი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 5 წაგება

2012-2013, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „სტიაუა“ (2:4)

1995-1996, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „იუვენტუსი“ (2:4)

1995, ევროპა/სამხრეთ ამერიკის თასი: „გრემიო“ (4:3)

1984-1985, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ბოჰემიანსი“ (2:4)

1977-1978, თასების თასის მეოთხედფინალი: „იუვენტუსი“ (0:3)

1975, 1976, უეფას თასის მესამე ეტაპი: „ლევსკი“ (3:5)

გზაჯვარედინი

„აიაქსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ედვინ ვან დერ სარი „აიაქსის“ კარს იცავდა 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდეაც „იუვენტუსთან“ დამარცხდა. იმავე მატჩში მოედანზე იყო დელეი ბლინდის მამა, დენი და გუნდს კაპიტნობდა.

ვან დერ სარი 1999-2001 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2005-2009 წლებში კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი იყო „მანჩესტერ იუნაიტედში“.

დელეი ბლინდის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში 2013 წლის 6 თებერვალს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა „იოჰან კრუიფ არენაზე“. იმ მატჩში მონაწილეობა ანდრეა ბარძალიმაც მიიღო.

რონალდუმ გაიტანა ერთადერთი გოლი და პორტუგალიამ ჰაკიმ ზიეჩის მაროკო დაამარცხა 2018 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე.

კლაას იან ჰუნტელაარი „მილანის“ ღირსებას იცავდა და 2010 წლეს მოედანზე 5 წუთიც გაატარა, როდესაც „როსონერიმ“ მეტოქე 3:0 დაამარცხა. ჰუნტელაარი „იუვენტუსის“ მოქმედ თავკაც მასიმილიანო ალეგრისთან „მილანში“ ორი თვე მუშაობდა, სანამ 2010 წლის აგვისტოში „შალკეში“ გადავიდოდა.

„აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი არონ ვინტერი იტალიაში 1992-1999 წლებში თამაშობდა. ოთხი სეზონი „ლაციოში“ გაატარა, ხოლო სამი „ინტერში“. მისი ბალანსი „იუვენტუსთან“ ასეთია: 4 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება.

მასიმილიანო ალეგრიმ „პესკარას“ მაისურით 1992-1993 წლების სეზონში ვინტერის „ლაციოს“ სახლშიც გაუტანა გოლი და სტუმრადაც.

იტალიაში უთამაშიათ:

კლაას იან ჰუნტელაარი („მილანი“ 2009-2010)

ერთად უთამაშიათ:

ლისანდრო მაგალანი და როდრიგო ბენტანკური („ბოკა ხუნიორსი“ 2016-2017)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ნიკოლას ტალიაფიკო და პაულო დიბალა (არგენტინა)

ბრუნო ვარელა და ჟოაუ კანსელუ (პორტუგალიის 21 წლამდე ნაკრები)

ბოლო პერიოდი

„იუვენტუსი“

მომდევნო მატჩი ვოიცეხ შჩესნისთვის უეფას ტურნირებში 50-ე იქნება.

„იუვენტუსმა“ სერია A-ს ბოლო 5 თამაშში ორი წააგო. მათ შორის, შაბათს, „სპალთან“ (1:2). ტურინელებს 1 ქულა აშორებთ ზედიზედ მერვე სკუდეტომდე.

პაოლო გოცისა და გრიგორის კასტანოსს „იუვენტუსში“ დებიუტი ჰქონდათ „სპალის“ წინააღმდეგ.

„ჯენოასთან“ 0:2 წაგების შემდეგ ალეგრის გუნდმა სამი თამაში მოიგო, ხოლო შაბათს „მილანი“ (2:1) დაამარცხა. იტალიის ჩემპიონატში „იუვეს“ 32-დან 27 მატჩი აქვს მოგებული, 84 ქულა დააგროვა და ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს. ამასთან, შეუძლია საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს (102 ქულა 2013-2014 წლების სეზონში).

მოიზე კინმა სერია A-ს ბოლო 4 თამაშში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. ეროვნულ ნაკრებსაც თუ გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ ბოლო 9 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი.

„ჯენოასთან“ მარცხი იყო პირველი გასული წლის 22 აპრილის შემდეგ, როდესაც „ნაპოლისთან“ შინ წააგო (0:1). სტუმრად კი 2017 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა („სამპდორიასთან“ 2:3).

„ჯენოასთან“ თამაში „იუვესთვის“ ასევე პირველი იყო იმ კუთხით, რომ გოლი ვერ გაიტანა 2018 წლის 13 მაისის შემდეგ („რომასთან“ 0:0).

„იუვემ“ ბოლო 5 საშინაო თამაში ყველა ტურნირის ჩათვლით მოიგო, ხოლო „მანჩესტერთან“ წაგების შემდეგ შინ დაუმარცხებელია: 12 მოგება, 1 ფრე.

23 მარტს მოიზე კინი გახდა იტალიის ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა და 2000 წელსაა (ან შემდეგ) დაბადებული (ფინეთთან 2:0). 19 წლისა და 23 დღის ასაკში კი რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „სკუადრა აძურას“ მაისურით გაიტანა. რეკორდი ბრუნო ნიკოლის ეკუთვნის (18 წლისა და 258 დღის, 1958 წელს). კინმა სამი დღის მერე ლიხტანშტაინსაც (6:0) გაუტანა.

კრიშტიანუ რონალდუ 30 მარტის შემდეგ მოედანს ამსტერდამში დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა.

დუგლას კოშტამ 2 თებერვლის შემდეგ პირველად სწორედ „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა.

ჯორჯო კიელინიმ პირველი თამაში ტრავმის გამო გამოტოვა. ბლეზ მატუიდიც დაზიანების გამო 75-ე წუთზე შეცვალეს. არცერთს არ უთამაშია „სპალის“ წინააღმდეგ.

მარტინ კასერესი 2 აპრილს, „კალიარისთან“ დაშავდა და ლაზარეთშია.

ანდრეა ბარძალი „უდინეზესთან“ (4:1) მოგებულ მატჩში დაშავდა და მოედანს „სპალთან“ დაუბრუნდა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

ემრე ჯანს 6 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც „მილანთან“ ტრავმა მიიღო.

ხუან კუადრადო დეკემბრის შემდეგ მოედანს შაბათს დაუბრუნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა.

ხუან კუადრადომ 28 დეკემბერს ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, კოლუმბიელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იმყოფება.

16 იანვარს, „იუვენტუსმა“ „მილანი“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეხუთედ იტალიის თასის მოგების შანსი მას შემდეგ დაკარგა, რაც 30 იანვარს მეოთხედფინალში „ატალანტასთან“ 0:3 წააგო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.

„აიაქსი“

„აიაქსმა“ ბოლო 12 თამაშიდან 10 მოიგო, ხოლო 17 მარტს „ალკმაართან“ (0:1) დამარცხდა. შაბათს, „ექსელსიორი“ 6:2 დაამარცხა.

კლაას იან ჰუნტელაარმა ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეს იყო მისი ჰეთ-თრიქი 2014 წლის 29 ნოემბრის შემდეგ. მაშინ „შალკეს“ ღირსებას იცავდა.

დუშან ტადიჩმა ერედივიზიონის ბოლო 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით 23 შეხვედრაში 19 გოლი.

„აიაქსმა“ სტუმრად ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ერთი წააგო. გაიტანა 21 გოლი და გაუშვა 6.

დენი ვან დე ბეეკმა ბოლო 6 საგარეო თამაშში 4 გოლი გაიტანა.

დავი ნერეშეს ბოლო 9 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

ნუსაირ მაზრაუიმ და ანდრე ონანამ ახლახან კონტრაქტები 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.

მატის დე ლიხტმა 24 მარტს ჰოლანდიისა და გერმანიის მატჩში გაიტანა (2:3). ეს თამაში ამსტერდამში ჩატარდა.

დავიდ ნერეშს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 26 მარტს, ჩეხეთის წინააღმდეგ ჰქონდა (4:1).

27 თებერვალს „აიაქსი“ ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც „ფეიენოორდი“ 3:0 დაამარცხა. ფინალში კი, 5 მაისს, როტერდამში, „ვილემ II”-ს დაუპირისპირდება.