ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Blog Page 2

პროკურატურა – უწყება სასამართლოებში საქმეების დისტანციურ განხილვაში აქტიურადაა ჩართული

საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, 22 მარტიდან აქტიურად ჩაერთო საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების დისტანციურ განხილვაში. ამის შესახებ “ინტერპრენიუსს” პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც პროკურორებს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად ჩაერთონ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა განახორციელონ პროკურატურის ოფისებიდან. დღეის მდგომარეობით, დისტანციური წესით უკვე ჩატარდა 60-ზე მეტი სხდომა.

მათი ცნობით, დისტანციურად ტარდება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომები, აგრეთვე, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. მათივე ინფორმაციით, დისტანციური პროცესების დროს სრულად არის უზრუნველყოფილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვა და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ეძლევა საკუთარი საპროცესო უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალება.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591937-prokuratura-ucqeba-sasamartloebshi-sakmeebis-distanciur-ganxilvashi-aktiuradaa-chartuli/

კახა კოჟორიძე – პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში უამრავი საქმე გადაიდო, უცნაურია, რომ მათ პრიორიტეტი მიანიჭეს “ლელოს” წევრის საქმეს

იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში გადაიდო უამრავი მნიშვნელოვანი საქმე, უცნაურია, რომ მათ პრიორიტეტი მიანიჭეს “ლელოს” წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის საქმეს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.

“დღეს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციურად განიხილავს “ლელოს” წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის საქმეს. პოლიციამ თორნიკე უკანონოდ დააკავა 2020 წლის 10 იანვარს “ანას ბაღთან” აქციაზე, როდესაც თორნიკე ახორციელებდა თავის პროფესიულ მოვალეობას. იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში გადაიდო და არ ტარდება უამრავი მნიშვნელოვანი საქმე, უცნაურია, რომ სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა ამ საქმის განხილვას”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591926-kaxa-kozhorize-pandemiidan-gamomdinare-sasamartloshi-uamravi-sakme-gadaido-ucnauria-rom-mat-prioriteti-mianiches-lelos-cevris-sakmes/

მარნეულში პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარნეულში პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591654-marneulshi-policielebis-sitqvieri-da-pizikuri-sheuracxqopis-paktze-ori-piri-daakaves/

ლევან იოსელიანი – ჩემი აზრით, ბესიკ თამლიანის გათავისუფლება, იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილია, რომელიც მიღწეულ იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ჩემი აზრით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი რომელიც მიღწეული იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის , – ასე ეხმაურება ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი გლდანის ციხიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სახით გათავისუფლებას.

ადვოკატის განცხადებით, ბესიკ თამლიანს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. მას არ აქვს უფლება დატოვოს საქართველო და უნდა ჩააბაროს პასპორტი საგამოძიებო ორგანოს. გარდა ამისა, უნდა გადაიხადოს გირაო 4000 ლარის ოდენობით 5 დღის განმავლობაში.

„მაქვს დადებითი მოლოდინი საქმის განვითარებასთან დაკავშირებით, ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი არ ადასტურებს მის ბრალეულობას და ჩვენი მოწმეები ადასტურებენ მის უდანაშაულობას. პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბესიკ თამლიანი სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ისევ ციხეში არ დაბრუნდება. ჩემი აზრით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი რომელიც მიღწეულ იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, გამოუშვა ბესიკ თამლიანი და იმედი მაქვს, სულ მალე სხვებსაც გამოუშვებენ, ვინც 20 ივნისის საქმეზე არიან დაკავებულები.

შეზღუდვები დაუწესდა, მას არ აქვს უფლება დატოვოს საქართველო და უნდა ჩააბაროს პასპორტი საგამოძიებო ორგანოს, გარდა ამისა უნდა გადაიხადოს 4000 ლარი 5 დღის განმავლობაში, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591621-levan-ioseliani-chemi-azrit-besik-tamlianis-gatavisupleba-im-mnishvnelovani-shetanxmebis-nacilia-romelic-migceul-ikna-opoziciasa-da-xelisuplebas-shoris/

პროკურატურა – რადგან ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადა ეწურებოდა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვას დავეთანხმეთ

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რატომ დათანხმდა ბრალდების მხარე 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას. შესაბამისი შეკითხვით უწყებას “ინტერპრესნიუსმა” მიმართა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარე თამლიანისთვის გირაოს შეფარდებას იმის გამო დათანხმდა, რომ თავად მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დაცვის მხარე კი კიდევ 15-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავდა.

“ვინაიდან ბესიკ თამლიანს პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ხოლო დაცვის მხარემ, მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები ვერ წარმოადგინა, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადასინჯა და ბესიკ თამლიანს პატიმრობა 4000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. რადგან ბრალდების მხარემ ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო დაცვის მხარე 15-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს, ბრალდების მხარეც დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარემ ბესიკ თამლიანს ორჯერ 13 და 21 თებერვალს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე, აღნიშნული შეთავაზება ამ ეტაპზეც ძალაშია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” გენერალურ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591614-prokuratura-radgan-braldebuls-patimrobashi-qopnis-9-tviani-vada-ecureboda-agkveti-gonisziebis-gadasinjvas-davetanxmet/

ბესიკ თამლიანი – თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, მაგრამ გააჩნია რა ფასად – ვამზადებ სარჩელს, მინდა მთავრობას წავუყენო იმისთვის, რაც გააკეთეს

რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქეთ მინდა წავუყენო სარჩელი ჩემს მთავრობას იმისთვის, რაც გააკეთეს , – ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

თამლიანის განცხადებით, მისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„თავისუფლებას თავისი ფასი აქვს მაგრამ გააჩნია რა ფასად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მგულშემატკივრობდა. ჩემი სიჯიუტე გამოიხატება იმაში, რომ ეს ბრალი უკვე მქონდა წაყენებული, როდესაც ჩვენ 20 ივნისს დაგვაკავეს წაგვიყენეს ერთი და იმავე ბრალი, ეს ბრალი წამიყენეს დღესაც. მოსამართლემ მაშინ შემოგვთავაზა აღიარება და მონანიება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ვერ ვაღიარებდი. ვიცოდი, რომ რაღაც მქონდა გაკეთებული, რის გამოც უნდა მეგო პასუხი. მაგრამ რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას სარჩელი იმისთვის, რაც გააკეთეს. ბრძოლა გრძელდება, გავრილოვის ფაქტორი დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის“, – განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591607-besik-tamliani-tavisuplebas-tavisi-pasi-akvs-magram-gaachnia-ra-pasad-vamzadeb-sarchels-minda-mtavrobas-cavuqeno-imistvis-rac-gaaketes/

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესის მონაწილე მხარეები, მათ შორის ბრალდებულები შუამდგომლობის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემა ეტაპობრივად საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადადის და შემჭიდროებული ვადების მქონე საქმეებს მაქსიმალურად დისტანციურად განიხილავს.

აღნიშნული სერვისით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591569-tbilisis-sakalako-sasamartlom-qachagobis-sakmeze-agkvetis-gonisziebis-sxdoma-distanciur-rezhimshi-gamarta/

ბესიკ თამლიანი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

ლევან იოსელიანის თქმითვე, ბესიკ თამლიანი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც თამლიანს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსამართლის განჩინება ჩაბარდება, ის საპყრობილეს დატოვებს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591559-besik-tamliani-penitenciur-dacesebulebas-dges-datovebs/

არსებული ინფორმაციით, მესტიაში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც მესტიის საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განაცხადეს, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„ვერ გეტყვით, რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაახლოებით სამი საათის წინ თვითდინებით შემოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში მიასვენებენ, ოჯახმა ესპერტიზაზე უარი განაცხადა“, – ამბობენ საავადმყოფოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/591545-arsebuli-inpormaciit-mestiashi-mozards-cecxlsasroli-iaragi-gauvarda-ris-shedegad-gardaicvala/