პატრიოტთა ალიანსმა დევიდ კრამერსა და მეთიუ ბრაიზას პროკურატურაში უჩივლა

0
10

პატრიოტთა ალიანსმა დევიდ კრამერსა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ პროკურატურაში უჩივლა. როგორც პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ლომიამ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი დიპლომატებს პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივიან და გენერალური პროკურატურისგან კონფერენციაზე განვითარებული მოვლენების შესწავლას მოითხოვენ.

10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის დაუპატიჟებლად მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. კონფერენციის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც. ინაშვილმა თქვა, რომ წინა დღეს ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა. სტუმრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის ქმედება მიუღებელი იყო.

დაპირისპირების შემდეგ ირმა ინაშვილი სიტყვით მაინც გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, მისი პარტია პროდასავლური აზროვნებისაა. გარდა ამისა, მან დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

ინაშვილი, ასევე, აცხადებს, რომ ე.წ. კრამერის სიას მოამზადებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. მისივე თქმით, ამავე სიაში შევა მეთიუ ბრაიზა, რომელიც ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია.

თავის მხრივ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბოდიში თავად უნდა მოიხადოს:

“ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა”, — ამბობს მეთიუ ბრაიზა ტელეკომპანია მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.

მეთიუ ბრაიზას განცხადებას ირმა ინაშვილი სიცრუეს უწოდებს და ცილისწამებაში ადანაშაულებს.