ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად — რა ხდება ჰონგ-კონგში

0
4

რამდენიმე თვეა ჰონგ-კონგში საპროტესტო მუხტი არ ნელდება. მოქალაქეები ქუჩაში სადაო კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, თუმცა პროტესტი კანონპროექტს გასცდა და ჰონგ-კონგისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მსვლელობად იქცა.

მასობრივმა დემონსტრაციებმა სრულად შეცვალა ქალაქის ცხოვრება. რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩებში პოლიცია არაერთხელ დაუპირისპირდა მოქალაქეებს, დაუმიზნა იარაღი და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჰონგ-კონგელების პროტესტი ელვის სისწრაფით მოედო დანარჩენ მსოფლიოს. მხარდამჭერ აქციებზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ლონდონში, სიდნეიში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში. დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ტაივანშიც, რომლის სუვერენიტეტსაც ჩინეთი არ აღიარებს. ასობით ტიბეტელმა ინდოეთში მსვლელობა მოაწყო.

არაერთი მსოფლიო ლიდერი აღაშფოთა ავტონომიაში განვითარებულმა მოვლენებმა. აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი და სხვები ჩინეთს მშვიდობისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ.

ერთი ქვეყანა — ორი სისტემა

ჰონგ-კონგელები დანარჩენ ჩინეთზე უფრო ფართო უფლებებით სარგებლობენ. ჰონგ-კონგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ფართო ავტონომიით სარგებლობს. მის ყველაზე დიდ ქალაქსაც ჰონგ-კონგი ჰქვია. მსოფლიოში წამყვან ფინანსურ ცენტრში მთავარი პრინციპი მოქმედებს, “ერთი ქვეყანა — ორი სისტემა”. ჰონგ-კონში მაცხოვრებლების ნაწილი საკუთარ თავს ჩინეთთან არ აიგივებს და თავს ჰონგ-კონგელს უწოდებს.

1842 წელს ჰონგ-კონგი დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო და ნანკინის ხელშეკრულების თანახმად, კოლონიად აქცია. ჰონგ-კონგის დიდი ნაწილი, რომელმაც ახალი ტერიტორიების სახელი შეიძინა, დიდმა ბრიტანეთმა 1898 წელს 99-წლიანი იჯარით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ცინის იმპერიასთან იყო დადებული და ჩინეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ 1911 წელს გაჩნდა, დიდ ბრიტანეთს შეთანხმებაზე უარი არასდროს უთქვამს.

1997 წელს ჩინეთმა ჰონგ-კონგი დაიბრუნა. ჰონგ-კონგის ძირითადი კანონის მიხედვით, რეგიონი გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში ფართო ავტონომიას შეინარჩუნებდა.

1997 წელს დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა. გადაცემის ცერემონიაზე ჩინეთის დროშა აღიმართა მაშინ, როცა ბრიტანეთის დროშა დაეშვა.

ფოტო: Kimimasa Mayama / Reuters

ამ ხნის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლება თავის თავზე იღებს თავდაცვისუნარიანობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს იმ დროს, როცა ჰონგ-კონგი აკონტროლებს კანონმდებლობას, პოლიციას, ფულად სისტემას, გადასახადებსა და საიმიგრაციო პოლიტიკას; აქვს დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა, რომელიც ბრიტანულ მოდელს მიჰყვება. ავტონომიის მაცხოვრებლებს შენარჩუნებული აქვთ სიტყვის, გამოხატვის, შეკრებისა და რწმენის თავისუფლება.

ჰონგ-კონგი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის დამოუკიდებელი და სრულფასოვანი წევრია; მას აქვს თავისი ვალუტა, სავაჭრო პოლიტიკა და ფინანსური რეგულაციები.

მსგავსი უფლებებით ჩინეთის სხვა რეგიონები ვერ სარგებლობენ. ერთადერთი რეგიონი, რომელიც ჰონგ-კონგის მსგავსად იმართება პორტუგალიის ყოფილი კოლონია, მაკაოა, რომელიც ჩინეთს 1999 წელს დაუბრუნდა.

ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მკაცრი კომუნისტური წყობაა. სასამართლო სისტემა პოლიტიზირებულია. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის წინ ჩინეთმა მასშტაბური ეკონომიკური რეფორმა გაატარა და მოსახლეობამ სიღარიბეს თავი დააღწია, უფლებადამცველები ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

ქვეყანაში დაბლოკილია სოციალური ქსელები და ვიკიპედია. არაა თავისუფალი მედიაგარემო და ვრცელდება მკაცრი ცენზურა. მაგალითად, 2018 წელს დაიბლოკა ფილმი Christopher Robin, რადგან ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ვინი პუჰს ადარებდნენ.

ხშირად ჩნდება კითხვა, თუ როგორ ახერხებს კომუნისტური წყობისა და ადამიანის უფლებების უგულებელმყოფი ჩინეთი მსოფლიო მეორე ეკონომიკად ყოფნას. პასუხი დემოკრატიული მოდელის მქონე, თავისუფალი კუნძული ჰონგ-კონგია.

დასავლური კომპანიები ბევრ ინვესტიციას დებენ ჩინეთში და, პირიქით, ჩინეთიც არანაკლებ იხარჯება დასავლეთში. საუბარია წელიწადში ასობით მილიარდი დოლარის ბრუნვაზე და თანხის დიდი ნაწილი, სწორედ, ჰონგ-კონგზე გადის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60 პროცენტი და მოზიდული კაპიტალის 70 პროცენტი ჰონგ-კონგზე მოდის. დამოუკიდებელი და თავისუფალი ავტონომიის დახმარებით დასავლეთი და ჩინეთი ერთმანეთში ვაჭრობენ და ინვესტიციებს დებენ.

ჩინეთის ეკონომიკაში ჰონგ-კონგის წილს ისიც ადასტურებს, რომ ავტონომია მესამე ფინანსური დედაქალაქია ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ და 25 წელია მსოფლიოს ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის აღიარებული. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგით ჩინეთი 180-დან მხოლოდ მე-100 ადგილს იკავებს.

რამ გამოიწვია საპროტესტო აქციები

მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება საექსტრადიციო კანონმა გამოიწვია. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბრალდებულების გადაცემას ნებისმიერი იურისდიქციისთვის, რომელთანაც არ აქვს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება, მათ შორის ჩინეთისთვის.

კანონპროექტზე ხელისუფლებამ პირველად 2019 წლის თებერვალში, მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ჰონგ-კონგელი წყვილის მონაწილეობით ტაივანში მკვლელობა მოხდა. ავტონომიას ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება ტაივანთან არ აქვს, რადგან ჩინეთი ამ უკანასკნელის სუვერენიტეტს არ აღიარებს.

იმის გამო, რომ ჩინეთის სასამართლო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდება, ბევრი ჰონგ-კონგელი შიშობდა, რომ ახალი კანონი ცენტრალურ ხელისუფლებას ოპონენტებთან საბრძოლველად სჭირდებოდა. ასევე, ეს “ერთი ქვეყნის — ორი სისტემის” პოლიტიკის დასასრულს ნიშნავდა.

პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგი ჩინეთის ჩარევისგან დაუცველი გახდება და სამომავლოდ ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას შეასუსტებს.

კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრაციები შვიდი თვის წინ, მარტში დაიწყო და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ადამიანის უფლებების სამოქალაქო ფრონტი იყო, რომელიც ხშირად გამოდის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

ივნისში ქალაქის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გავიდა, თუმცა ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი კანონპროექტის უკან გაწვევაზე უარს აცხადებდა და მის დაჩქარებით მიღებას ითხოვდა.

მილიონი ადამიანი ქუჩაში და პირველი შეტაკება

პირველი დიდი საპროტესტო აქცია 9 ივნისს გაიმართა. ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გავიდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშვიდობო აქცია, თუ არ გავითვალისწინებთ, რამდენიმე მცირე დაპირისპირებას პოლიციასთან.

სამი დღის შემდეგ, 12 ივნისს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც პოლიციამ უკვე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პროტესტი პოლიციასთან ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ამ დღეს ჰონგ-კონგის პარლამენტში კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განეხილათ. 11 აგვისტოს, ღამით მოქალაქეები, ძირითადად, ახალგაზრდები ცენტრალურ ქუჩებში ნიღბებით, ჩაფხუტებითა და ქოლგებით გავიდნენ. მათი მიზანი კანონპროექტის მეორე მოსმენის შეჩერება იყო.

ისინი საკანონმდებლო ორგანოს გარშემო ორ ცენტრალურ ქუჩაზე განლაგდნენ, ააშენეს ბარიკადები და გადაკეტეს გზები. დემონსტრანტებმა, ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანო ალყაში მოაქციეს. ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიმდინარე მოვლენები 2014 წლის ჰონგ-კონგის ქოლგების რევოლუციას შეადარეს, როდესაც ადგილობრივები დემოკრატიულ არჩევნებს მოითხოვდნენ.

12 აგვისტოს, შუადღეს პოლიციამ ქუჩიდან მოქალაქეების გამოდევნა დაიწყო. აქტივისტებისა და პოლიციის დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. საავადმყოფოში დაზიანებებით 80 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაში იყო.

ჰონგ-კონგის პოლიციის ხელმძღვანელმა, სტივენ ლო-ვაიჩუნგმა განაცხადა, რომ 12 ივნისს ღამით 11 ადამიანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აგურები და რკინის ძელები დაუშინეს, რის გამოც სამართალდამცავებმა ძალა გამოიყენეს.

ფოტო: AFP / Getty Images

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, 15 ივნისს ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა განაცხადა, რომ ექსტრადიციის კანონის განხილვას განუსაზღვრელი ვადით აჩერებდა, თუმცა დემონსტრანტები უკვე ლამის გადადგომას ითხოვდნენ.

16 ივნისს ორმილიონიანი მარში მოეწყო. სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა კი უცვლელი დარჩა: ექსტრადიციის შესახებ კანონი საკანონმდებლო ორგანოდან უნდა გაეწვიათ. დროთა განმავლობაში დემონსტრანტების მოთხოვნებს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.

პარლამენტში შეჭრა

ჰონგ-კონგის აქციების ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი პარლამენტში შეჭრა და მისი დაკავება გახდა. ეს ჩინეთის შემადგენლობაში ჰონგ-კონგის დაბრუნების 22 წლისთავზე, პირველ ივლისს მოხდა. დემონსტრანტებმა შენობაში რამდენიმე საათი გაატარეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზითა და ძალის გამოყენებით დაშალა.

აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის შუშის კარები ჩაამტვრიეს, დააზიანეს ავეჯი და კედლებზე საპროტესტო ლოზუნგები დატოვეს. მათ იარაღად საგზაო ნიშნები და რკინის ე.წ. არმატურები გამოიყენეს. მათ პარლამენტის სპიკერების პორტრეტებს საღებავი გადაასხეს. სხდომათა დარბაზში ის დროშა გამოფინეს, რომელსაც ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის დროს იყენებდნენ. სწორედ ეს დროშა გახდა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.

ფოტო: AP

ფოტო: Getty Images

ქალაქში საპროტესტო აქციები მთელი ივლისის განმავლობაში გაგრძელდა. დღისით მშვიდობიანი მარში იმართებოდა, ხოლო ღამით დემონსტრანტებს შეიარაღებული პოლიცია უპირისპირდებოდა. კერი ლამი იმეორებდა, რომ კანონპროექტი “მკვდარია”, თუმცა მის გაწვევაზე არაფერს ამბობდა.

ძალადობისა და დაპირისპირების კიდევ ერთი ღამე იყო 21 ივლისს. მაშინ, როცა დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს ჰონგ-კონგის ქუჩაში დაუპირისპირდა, თეთრებში ჩაცმული პირები მეტროში თავს დაესხნენ მგზავრებს, რომელთაც საპროტესტო შავი მაისურები ეცვათ.

მეტროში დაპირისპირებისას 45 ადამიანი დაშავდა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ თეთრმაისურიანები ე.წ. ტრიადის წევრები არიან და პოლიცია მათ დასახმარებლად გვიან მივიდა.

გაფიცვები, აეროპორტი და დაკარგული თვალი

აქციები და პოლიციასთან დაპირისპირება დემონსტრანტების შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. 5 აგვისტოს მასობრივი გაფიცვა მოეწყო, რასაც აეროპორტის 2 300-მდე თანამშრომელი შეუერთდა.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მსოფლიოში დატვირთვით მერვეა, 200-ზე მეტი რეისი გადაიდო. მეტროსადგურების ძირითადი ხაზები არ მუშაობდა, ცენტრალური გზები და მაგისტრალები გადაკეტილი იყო. პროტესტმა მეზობელი რაიონებიც მოიცვა. შვიდიდან ხუთ რაიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ფოტო: EPA

11 აგვისტოს მორიგი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა აქტივისტმა ქალმა პოლიციელის ნასროლი რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა. დაჭრილი ქალის ფოტოები ელვის სისწრაფით მოედო სოციალურ ქსელებს. ამან მოძრაობას ახალი მიმართულება მისცა.

მეორე დღეს დემონსტრანტებმა ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს, რათა თავიანთი ხმა მთელი მსოფლიოსთვის მიეწვდინათ. ეს კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი იყო პროტესტისთვის.

დემონსტრანტებმა დაიკავეს აეროპორტის დიდი ნაწილი. გადაკეტეს შესასვლელები, რის გამოც რეისები გაუქმდა. ქოლგებს, რომელიც საპროტესტო მოძრაობის კიდევ ერთი სიმბოლო გახდა, აქტივისტები კამერების დასაფარად იყენებდნენ.

ქალაქში ჩასულ მგზავრებს აეროპორტში ასობით აქტივისტი დახვდათ, რომლებიც სკანდირებენ: “იბრძოლე ჰონგ-კონგისთვის, იბრძოლე მშვიდობისთვის”. პროტესტის მონაწილეების უმეტესობამ ცალი თვალი აიხვია, რათა სოლიდარობა გამოეცხადათ ქალისთვის, რომელმაც რეზინის ტყვიით მხედველობა დაკარგა. “თვალი თვალის წილ” — სწორედ ეს ბანერი ეჭირათ მათ ხელში.

რამდენიმე საათში აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და იქიდან აქტივისტები გამოდევნა. აეროპორტმა მუშაობა 14 აგვისტოს განაახლა.

აეროპორტის დაკავებისას ჰონგ-კონგის პოლიციამ აღიარა, რომ მათი თანამშრომლები ანტისახელისუფლებო აქტივისტებად ინიღბებოდნენ. მათივე თქმით, ზოგიერთი პოლიციელი “სხვადასხვა პერსონაჟის” სახეს იღებდა და ეს რადიკალი მომიტინგეების წინააღმდეგ იყო მიმართული.

თითქმის ერთი კვირის შემდეგ ჰონგ-კონგში აქცია ისევ მოეწყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მშვიდობიანი მიტინგი ჩატარდა და პოლიციასთან დაპირისპირება არ ყოფილა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა…

ერთი კვირის თავზე, მორიგი აქციის დროს ჰონგ-კონგის პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანდა, როგორ უმიზნებდნენ სხვა სამართალდამცავები იარაღს მოქალაქეებს.

პოლიციამ მოგვიანებით განმარტა, რომ იარაღი ექვსმა სამართალდამცავმა ამოიღო და აქედან ერთმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

გამარჯვება და ბრძოლის გაგრძელება

თავდაპირველად ცენტრალური ჩინეთი დემონსტრანტების წინააღმდეგ რადიკალური განცხადებებით არ გამოდიოდა, თუმცა აშკარად პოზიციონირებდა, რომ კანონპროექტს უკან არ გაიწვევდა.

ყოველი დაპირისპირების შემდეგ ათობით აქტივისტს აკავებდნენ, ბევრი დაზიანებებით საავადმყოფოში ხვდებოდა. აგვისტოს ბოლოს პოლიციამ ლიდერების დაკავებების სერიები დაიწყო, რითაც პეკინმა აჩვენა, რომ მოძრაობის დასრულება სურდა. მოძრაობის აქციის ორი სახე, ჯოშუა ვონგი და აგნეს ჩოუ უკანონო შეკრების ბრალდებით დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს. მსგავსი ბრალდებით კიდევ 30-მდე პირი დააკავეს.

პროტესტის გაძლიერების პარალელურად ხელისუფლების რიტორიკა უფრო მკაცრი და რადიკალური ხდებოდა. პეკინმა დემონსტრაციების მოწყობაში სხვა ქვეყნები, მათ შორის აშშ დაადანაშაულა. აქტივისტები რადიკალებად და ტერორისტებად მოიხსენიეს. გარდა ამისა, პეკინმა მოძრაობას “ბუნტი” უწოდა, რაც დემონსტრანტებისთვის მიუღებელია.

ჩინეთის ერთიანობის მხარდასაჭერი აქცია ჰონგ-კონგში

ფოტო: Getty Images

მრავალთვიანი აქციების შემდეგ, 4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. ჰონგ-კონგის ლიდერმა განაცხადა, რომ ის სადავო საექსტრადიციო კანონპროექტს უკან გაიწვევს. თუმცა პროტესტი არ შეწყდა. დემონსტრაცია პროექტის გაწვევას გასცდა და უფრო მეტად ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა.

იმის გამო, რომ მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, გარკვეულ ჯგუფებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. მაგრამ ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის გარდა, კიდევ ხუთი მოთხოვნა ჩამოყალიბდა:

  1. ამნისტია ყველა დაკავებული დემონსტრანტისთვის;
  2. პოლიციის ძალადობის მიუკერძოებელი გამოძიება;
  3. კერი ლამის გადადგომა;
  4. ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლებმა პროტესტი აღარ მოიხსენიონ ბუნტად (riot);
  5. ჩატარდეს რეფორმა, რათა ჰონგ-კონგის მოქალაქეებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა შეძლონ.

ხელისუფლების დათმობის მიუხედავად, საპროტესტო მუხტი არ შენელებულა. 11 სექტემბერს ასობით ადამიანმა ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრებში საპროტესტო ჰიმნად ქცეული Glory to Hong Kong (დიდება ჰონგ-კონგს) იმღერა. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა არაოფიციალურ ჰიმნად აქციეს მიუზიკლ საბრალონის ერთ-ერთი მთავარი თემა, Do You Hear the People Sing?

ამავე დღეს ჰონგ-კონგი-ირანის საფეხბურთო მატჩის წინ დემონსტრანტებმა შეძახილებითა და სტვენით გადაფარეს ჩინეთის ჰიმნი.

რა თქმა უნდა, ავტონომიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ჩინელი ნაციონალისტების გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ მათ ადანაშაულებენ მეტროსადგურის თავდასხმაშიც. ჰონგ-კონგში ხელისუფლებისა და ჩინეთის ერთიანობის მხარდასაჭერი არაერთი აქცია იმართებოდა.

ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოძრაობის წინააღმდეგ მუშაობდა სახელისუფლებო მედიაც. აქციების დასაწყისში ისინი აქტივისტების მოთხოვნებს არც აშუქებდნენ და მხოლოდ კანონპროექტის აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ჰონგ-კონგელი ახალგაზრდები ხვდებიან, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ მხარესაა და ამიტომაც პროტესტის შეწსყევატს არ აპირებენ. მათი სამომავლო გეგმა უცნობი და ქაოტურია. წინ პირველი ოქტომბერია — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების დღე. შესაძლოა, სწორედ ეს დღე გახდეს აქციების კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი.