ეს საკითხი განხილვას საჭიროებს — სოზარ სუბარი მე-5 მუხლის ინიციატივაზე

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის მეხუთე მუხლის ინიციატივა განხილვას საჭიროებს. გადაცემა პირველებში მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა. წამყვანებმა ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციის გაჟღერება ითხოვეს, თუმცა სუბარმა უარი განაცხადა.

“ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იქნება მსგავს დიალოგებში…” — აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

სოზარ სუბარის თქმით, ნატოში გაწევრიანების გერმანიის მაგალითი საქართველოსგან განსხვავებულია, რადგან მაშინ ორ სხვადასხვა სახელმწიფოზე იყო საუბარი.

“იქ იყო ორი სახელმწიფო, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული. ორივე იყვნენ საერთაშორისო თამაშის მონაწილეები. ის, რომ ორი სახელმწიფო შეიქმნა, იყო იმდროინდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელი ნაწილი. ეს არ იყო ერთი ოკუპანტის მიერ აღიარებული და რამდენიმე კუნძულის მიერ დადასტურებული, როგორიც ჩვენს შემთხვევაშია. შედარება არასწორია”, — აღნიშნა სოზარ სუბარმა.

10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე ისაუბრა. რასმუსენი განმარტავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯი საქართველოს არჩევანზეა დამოკიდებული. მისი შეთავაზება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების “გერმანულ მოდელს” გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

ამავე იდეის ირგვლივ ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ლუკ კოფი განმარტავს, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამავე თემაზე:

You may have missed