ჰარცელის თქმით, პროპორციული სისტემის ჩაგდება 2020 წლის არჩევნებისთვის პოლარიზაციას გაზრდის

0
6

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, პარლამენტში პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდება მოსახლეობას შორის ნდობას შეარყევს და 2020 წლის არჩევნებისთვის პოლარიზაციას გაზრდის. მას იმედი აქვს, რომ კენჭისყრამდე დეპუტატები ამ საკითხებს გაითვალისწინებენ.

“ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა”, — ევროკავშირის ელჩის განცხადება პირველმა არხმა გაავრცელა.

ქართული ოცნების ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მეორე დღეა განიხილავენ. პარლამენტს პირველი მოსმენით კანონპროექტი ჯერ კიდევ 12 ნოემბერს უნდა მიეღო, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის მოწვევა ითხოვა.

13 ნოემბრის უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ჩააგდებდნენ. პარლამენტში მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრა ისევ გადაიდო და 14 ნოემბერს ისევ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათისთვის არის ჩანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამოუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.

გაიგე მეტი: