“არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი” – გიორგი ვაშაძემ აქციაზე ოპოზიციის მოთხოვნები და გეგმა წარადგინა | Rustavi2

0
4

“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ის მოთხოვნები გააჟღერა, რომელზეც აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ და შეკრებილ მომიტინგეებს სთხოვა ხელის აწევით დაედასტურებინათ, რომ ამ მოთხოვნებს ისინიც ეთანხმებიან.

“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას:

პირველი – ვადამდელი პროპორციული არჩევნები.

მეორე – მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს.

მესამე – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმაც აქვს.

“ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ.

პირველი – არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი.

მეორე – გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს.

მესამე – ბიძინა ივანიშვილო იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას. კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა,”- აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე გამოსვლისას.