ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

0
3

იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა.

სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. ამ დრომდე სოფელ დიმში სასწავლო პროცესი ამორტიზებულ შენობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟი განხორციელდა. 2020 წელს დიმის მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.

სოფელ მეორე ობჩაში კი დასრულების ეტაპზეა ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბულატორიების ფონდიდან აფინანსებს და მისი ღირებულება 35 268,34 ლარია.

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოქსაძე, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ. გაბიონების მოწყობა და დამეწყრილ ადგილებში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები ერთდროულად 12 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 59 018.00 ლარს შეადგენს.