ვცდილობთ დავამტკიცოთ აგვისტოს ომის დროს ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტები – წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორს შეხვდა | Rustavi2

0
3

2008 წლის რუსული აგრესიის საქმის გამოძიება ფატუ ბენსუდას ოფისმა შესაძლოა 2020 წლისთვის დაასრულოს – თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორს შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა ბენსუდას უთხრა, რომ საქართველოს მოსახლეობა, კონკრეტულ შედეგებს ელოდება. 

“ჩვენ მის მიერ წარმართული გამოძიების ფარგლებში ვცდილობთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დავამტკიცოთ ის რეალობა და ჭეშმარიტება, რაც ეხება აგვისტოს ომის დროს ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტებს და ასევე, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ ამ გამოძიების ფარგლებში გვექნება უკვე ხელშესაღები გადაწყვეტილებები და შედეგები და საქმე განსახილველად წარიმართება პროკურორის ოფისიდან უკვე მოსამართლეთა შესაბამისი შემადგენლობის წინაშე,” – აცხადებს თეა წულუკიანი.

მოსამართლის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, არ არის გამორიცხული, რომ საქმეზე კონკრეტული შედეგი დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.