ამაზე ლეგენდებს ნუ შექმნით — ხუნდაძე უარყოფს, რომ უმრავლესობის დატოვებას აპირებს

0
9

მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, აცხადებს, რომ ინფორმაცია მისი უმრავლესობიდან წასვლის შესახებ სიცრუეა.

“უმრავლესობის მთლიანობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ძალიან გთხოვთ, ამაზე ლეგენდები არ შექმნათ. ამაზე გაძლევთ ერთმნიშვნელოვან პასუხს: არავითარი უმრავლესობიდან არავის გასვლა და აბსოლუტურად, რყევაზე საუბარი არ არის”, — განუცხადა ხუნდაძემ რუსთავი 2-ს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობის დატოვებას ფიქრობდა. ამის სავარაუდო მიზეზად ის სახელდებოდა, რომ ხუნდაძის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართულმა ოცნებამ არ მიიღო.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს, 4 დეკემბერს დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, მიხეილ ყაველაშვილის, ნინო წილოსანისა და ანრი ოხანაშვილის შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატები ამბობენ, რომ ეს იყო სამართლებრივი დავა მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივაზე, თუმცა არავინ პასუხობს კითხვას, თუ რას ეხება ეს ინიციატივა. “მალე გაიგებთ, ნუ ხართ სულსწრაფები” — აცხადებენ მაჟორიტარები.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა “არა ნაცებს” და გაიმართა აქციები სახელად “დემიშიზაცია”, რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ.