მალე გაიგებთ — მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ მაჟორიტარებს ახალი ინიციატივა აქვთ

0
3

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერებისა და მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრამ ხმაურით ჩაიარა. შეხვედრა მამუკა მდინარაძის კაბინეტში მიმდინარეობდა, და მას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია და მიხეილ ყაველაშვილი. არცერთი მათგანი არ პასუხობს კითხვას, თუ რა საკითხებს განიხილავდნენ.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ დეპუტატებს ჰქონდათ გარკვეული ინიციატივა, მაგრამ ამბობს, რომ ამაზე თავად უნდა ისაუბრონ. დეპუტატები კი ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ამბობენ, რომ მოსახლეობა ყველაფერს მალე გაიგებს.

“ცოტახანში გაიგებთ, ნუ ხართ სულსწრაფები. არა მხოლოდ თქვენ, ყველა გაიგებს”, — ამბობს ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ გამოვიდნენ და კანონპროექტი ჩააგდეს, რის შემდეგაც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა გამოთქვეს, რომელსაც ოცნებამ მხარი არ დაუჭირა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა “არა ნაცებს” და გაიმართა აქციები სახელად “დემიშიზაცია”, რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ.