შუახევის მერის მოადგილემ აქტივისტს თმაში ხელი ჩაავლო

0
5

შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე ორგანიზაცია ალტერნატივის ერთ-ერთ წევრს თმაში ხელი ჩაავლო. ინციდენტის ამსახველი ვიდეო აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

On.ge რუსუდან შავაძეს დაუკავშირდა, თუმცა ინციდენტთან დაკავშირებით კითხვის დასმის შემდეგ მერის მოადგილემ ყურმილი გათიშა. ჩვენ ვცადეთ მასთან კიდევ ერთხელ დარეკვა, თუმცა ის ზარებს აღარ პასუხობს.

დღეს, 4 დეკემბერს ხულოში ქართული ოცნების მხარდამჭერები საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრები მართავდნენ და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრა სურდათ.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ხულოს ქართული ოცნების მაჟორიტარის ბიუროს შენობაში ხდება. აქტივისტებს თან ჰქონდათ სტიკერები წარწერით “მონა”.

დაპირისპირება მოხდა გუშინ, 3 დეკემბერს ზუგდიდშიც, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები ესროლეს. ზუგდიდის მსგავსად, დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც იმართებოდა. აქციაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ნაციონალური მოძრაობის წევრს ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ესროლეს, ხოლო ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

2 დეკემბრის კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის ოფისთან კონტრაქცია გამართეს. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 ადამიანი.