რიგ შემთხვევებში, მათი კრიტიკა უსაფუძვლოა — სესიაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ეუთო ოდირის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ რიგ შემთხვევებში უსაფუძვლო კრიტიკას შეიცავს.

“რაიმე კითხვის ნიშნები და პოლიტიკური ნიშნის დანახვა მე ვფიქრობ, არაობიექტურია, ამიტომ, იმდენ წინააღმდეგობას ვხვდები მე ამ დასკვნაში, რომ მიმაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში, კრიტიკა უსაფუძვლოა”, — თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი ქართული ოცნების პირველი დეპუტატი არაა, რომელმაც ეუთო/ოდირს დასკვნა დაუწუნა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 13 იანვარს თქვა, რომ დასკვნაში უხეში, ფაქტობრივი, ტექნიკური და შინაარსობრივი უზუსტობები არის გაპარული. არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ არის ისეთი შენიშვნები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა რიგი დარღვევები. მათ შორის, ხაზგასმულია უშუალოდ საბოლოო დანიშვნის ეტაპი.

ასევე ანგარიშში მოხვდა მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხიც. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რიგი კანდიდატები არ აკმაყოფილებდნენ მინიმალური იურიდიული განათლების მოთხოვნას. სამუშაო ჯგუფმა დაადასტურა ყველა კანდიდატის შესაბამისობა დიპლომების გადამოწმებამდე, თუმცა, გადამოწმებული ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, რამაც შეასუსტა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა.

You may have missed