იონათამიშვილი ფიქრობს, რომ HRW-მა “მეტი პასუხისმგებლობა” უნდა გამოიჩინოს

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი Human Rigth Watch-ის ანგარიშს იწუნებს და ფიქრობს, რომ ორგანიზაციის მკვლევარებმა “მეტი პასუხისმგებლობა” უნდა გამოიჩინონ. მისი თქმით, მსგავსი ორგანიზაციები, რომელთა კვლევებსაც “დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ” არ უნდა ეყრდნობოდნენ, “მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობოების შეხედულებებს”.

“ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, მეორე მხრივ წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, The Human Right Watch-მა, რომელიც მსოფლიოს ასამდე ქვეყნებში არსებულ ვითარებას აანალიზებს, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2019 წელს საქართველოს შესახებ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, პოლიტიკური დაძაბულობაზე, შრომის კანონმდებლობის არასაკმარის რეგულაციებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე.

Human Right Watch წერს, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა ქვეყნისთვის ისევ გადაუჭრელი პრობლემაა. მათი თქმით, დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და მუშაობა 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო.

You may have missed