მაინც მადლიერი ვარ, სადაც მივიდა — წულუკიანი ომბუდსმენის მერაბიშვილთან ვიზიტზე

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ პატიმარი პოლიტიკოსების მონახულებას ეხმაურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენი არა სხვა პატიმრებს, არამედ მათ ესტუმრა, “მაინც მადლიერია”. ამის შესახებ წულუკიანმა იმედის ეთერში ისაუბრა.

“როდესაც სახალხო დამცველი, ჩემი შენიშვნის შემდეგ, გამოცხადდა არა: უვადო პატიმრებთან, არა ბავშვებთან, არა ქალებთან, მივიდა იქ, სადაც მივიდა, მე მაინც ვარ მადლიერი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი”, — განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა, რომ ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში თავად არ დადის და ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში ციხეებში ძალადობისა და სუბკულტურის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

23 იანვარს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნინო ლომჯარია ციხეში ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდა. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მან უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა. მანვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა მისი ციხეში შესვლის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა.

You may have missed