“გამამტყუნებელ განაჩენს ვერც მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლე ვერ გამოიტანს” – მელია | Rustavi2

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს პოზიცია, თუ რას ფიქრობს სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე ამ საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება ომბუდსმენის წარდგენილ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მის უფლებებს ლახავს. ამის საფუძველზე, დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

ნიკა მელიას დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ გამოიტანს, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. 

“სასამართლო სხდომებს არ ვესწრები, ვარ გამოძევებული მოსამართლის მიერ. ეს პროცესი ხანგძლივი იქნება, ვინაიდან ძალიან ბევრი მოწმეა დასაკითხი. გამამტყუნებელ განაჩენს მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეც კი ვერ გამოიტანს, იმიტომ, რომ მტკიცებულება არ არსებობს. რა სახელმწიფო გადატრიალება და რომელი ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე?! საქმე აღძრულია იმისთვის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რამენაირად შეეზღუდათ,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აუკრძალეს. 

You may have missed