პროცესი ფიქციაა და ფასადური – გენრალური პროკურორის შერჩევას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს

გენერალური პროკურორის შერჩევას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია და პროცესს ფარსად მოიხსენიებენ.

მათი მტკიცებით, საგამოძიებო ორგანო ბიძინა ივანიშვილის გავლენას ექვემდებარება და უშუალოდ მის დაკვეთებს ასრულებს, რაც, შოთაძის კიდევ ერთხელ გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, კვლავ გაგრძელდება.

“შოთაძის ხელახლა შემობრუნება ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის რომ აპირებს რეპრესიების გაგრძელებას, იმ დანაშაულების დამალვას, რომელშიც მონაწილეობენ ხელისუფლების პირები. იუსტიციის საბჭო და საპროკურორო საბჭო ეს არის პოლიტიკურად მართული ორგანო, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ერთი ადამიანის ინტერესებს. სამარცხვინოა, როდესაც წინასწარ პროგნოზირებადია ყველაფერი, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

“შოთაძეს აირჩევს საპროკურორო საბჭო, დანარჩენი მთელი ეს პროცესი არის ფიქცია და ფასადური. ამას არანიარი მნიშვნელობა არ ექნება. მნიშვნელოვან პროცესებზე გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ფსევდოდამოუკიდებელი უწყებები იქმნება ქვეყანაში,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ყოფილი გენრალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანია.

“თუ გადმოგზავნილ კანიდატთა შორის ირაკლი შოთაძე იქნება, ჩემი მხრიდან მას მხარდაჭერა ექნება. გამომდინარე იქიდან რომ ის არის საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

You may have missed