ენმ “ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს | Rustavi2

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის 3 სხვა წევრთან ერთად “ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. მიზეზად ნადირაძე გასულ კვირას, საკრებულოში მომხდარი ჩხუბის დროს ფრაქციის წევრზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობას ასახელებს, რომელზეც რეაგირება, მისი თქმით, ასოციაციის პრეზიდენტს კახა კალაძეს არ ჰქონია. 

“ჩვენ აქ ვიმყოფებით ახლა “ნაციონალური მოძრაობის” 4 წარმომადგენელი, რომლებიც ვართ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ჩვენ გვინდა, რომ პროტესტის ნიშნად დავტოვოთ ის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ასოციაცია უმოქმედოა. ამ ასოციაცია არ ჰქონია არანაირი რეაგირება არცერთ ძალადობაზე, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ თავდასხმაზე და ჯგუფურად ძალადობრივ შეურაცხყოფაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, ხელს უწყობს, გეგმავს, ორგანიზებას უწევს და შემდგომში უბიძგებს “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებს, რომ იგივე გააკეთონ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ,”- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სევდია უგრეხელიძემ “პოლიტიკურად ამაზრზენი დანაშაული” უწოდა. 

“მთელმა საქართველომ ნახა სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პოლიტიკურად იყო სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივად ეს იყო დანაშაული და თქვენ ხედავთ, რომ არავითარი რეაგირება ამაზე არ არის, მაშინ, როდესაც აქციაზე დგომისთვის ადამიანებს აპატიმრებენ. საქართველოში პატარა ბავშვსაც ასწავლიან, რომ ერთზე რამდენიმე ადამიანის თავდასხმა არის არაკაცობა, სიმდაბლე და არის დაუშვებელი,”- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

​შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.  ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

You may have missed