საკრებულოს ინციდენტის უკან კალაძე, გომელაური და ივანიშვილი დგას – ლევან ხაბეიშვილი | Rustavi2

დილიდან თბილისის საკრებულოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. შეკრებილები ითხოვდნენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში მონაწილე პირები უმრავლესობიდან გარიცხოს.

თავად დაზარალებული, ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ინციდენტის უკან თბილისის მერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დგას. 

“ჩემთვის საინტერესოა არა ის, რომ მე ვინც თავს დამესხა, ის ადამიანები დაისაჯონ, არა, აი, ამ ყველაფრის დამკვეთი, კალაძე რომ მერია და ამ ყველაფრის შემთანხმებელი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ არის, გომელაური და ამ ორი კრიმინალური ბანდის ხელმძღვანელი რომ ივანიშვილია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, თორემ ხაბეიშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას როგორმე ავიტანთ, მითუმეტეს, ხედავთ, რომ ამ თვალსაც ვკრავ და ამ თვალსაც,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.  ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ავტორი: დავით ცაგარელი

You may have missed