მათი მხრიდან ბევრი იქნება დაგეგმილი პროვოკაციები — კალაძე ხაბეიშვილის ცემაზე

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საუბრისას ქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო წელია და ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციები იქნება. ამავე დროს, ის ამატებს, რომ ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუღებელია.

“შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შევდივართ პოლემიკაში, დებატებში, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. გადახვიდე მისი ოჯახის წევრებზე. თუმცა წელს საარჩევნო წელია, დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან ბევრი იქნება დაგეგმილი პროვოკაციები”, — განაცხადა თბილისის მერმა.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა “ეს დაიმსახურა”.

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

You may have missed