ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ იური ლეანკასთან გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი მთავრობა. “ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან და არა მხოლოდ მეზობლებთან. ჩვენ ვახდენთ იდეალური ბალანსის დამყარებას. ასევე ვიზიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ევროპის კონტინენტს, მის მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს ევროკავშირის მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, “აღმოსავლეთ პარტნიორობამ” ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. “ჩვენს ურთიერთობაში იწყება ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ეფექტური იმპლემენტაცია და საერთო ევროპული პრინციპებისადმი, ღირებულებებისადმი ერთგულება, ნათლად წარმოაჩენს აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ევროინტეგრაციისადმი ბუნებრივ სწრაფვას. 

ჩვენ ვართ მზად, წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ავაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed