ქეთევან ციხელაშვილი – წლიდან წლამდე უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენ ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს

აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ამ ომში ერთნაირად დაზარალდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები, რითიც იხეირა სხვა ძალამ – რუსეთმა.

„27 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელსაც ჩვენი უამრავი თანამოქალაქის, უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. აქ ვხვდები შაოსან დედებს, მშობლებს, რომლებსაც, ბუნებრივია, ეს ტკივილი არ განელებიათ. ეს მთელი ჩვენი საზოგადოების ტკივილია. ათასობით ადამიანი დაზარალდა. დღეს მავთულხლართების ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებში დღემდე ვერ ბრუნდებიან. ვფიქრობ, წლიდან წლამდე უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენ ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა მქონდეს იმედი, რომ ამის გაცნობიერება მავთულხლართების იქითაც კიდევ უფრო ფართოდ ხდება,”- განაცხადა ციხელაშვილმა.

You may have missed