საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ბათუმში სადავო სახლი პირვანდელ მესაკუთრეს – როლანდ ბლადაძეს დაუბრუნა. გასაღები ოჯახს დღეს გადაეცა. ქონებაზე დავა პაპუაშვილსა და ბლადაძეს შორის 15 წელი გაგრძელდა.
„ამ ქუჩაზე გავლაც კი მეკრძალებოდა, გარკვეული პირები მემუქრებოდნენ. წინა ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო ამ ქონების დაბრუნება“, – განაცხადა ბლადაძის მეუღლემ მარინა ესელიძემ.
როგორც ბლადაძის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მისივე თქმით, ბლადაძეს სახლი მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს ჩამოართვა და ის 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადასცა.
როლანდ ბლადაძე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ის ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის დირექტორის მოადგილე იყო.