რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის წესები გაუმკაცრეს

0
3

რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, რომელიც რუსი მეცნიერების უცხოელ კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წესებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ BBC წერს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებისმიერმა სამეცნიერო ორგანიზაციამ უცხოელ მოქალაქეებთან შეხვედრის შესახებ სამინისტრო 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს, შეხვედრას კი სულ მცირე უწყების 2 თანამშრომელი უნდა ესწრებოდეს.

სამინისტრო ინფორმირებული უნდა იყოს არასამუშაო დროს დამყარებული კომუნიკაციის შესახებაც. გარდა ამისა, უცხოელ სპეციალისტებს რუს კოლეგებთან შეხვედრის დროს მობილური ტელეფონების და საათების გამოყენება ეკრძალებათ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბრძანება სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება. ახალი წესების მიზანი კი, საერთაშორისო კონტაქტების ზრდის აღრიცხვაა.