რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ტელევიზიების ვალების რესტრუქტურიზებაზე განცხადებას ავრცელებს

0
9

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სახელმწიფო მილიონობით დავალიანების მქონე ეროვნულ მაუწყებლებს ვალების რესტრუქტურიზებას სთავაზობს.

როგორც განცხადებაში წერია, AB-ი ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის მიუთითებდა სამაუწყებლო  – მედია სექტორში არათანაბარ საგადასახადო პირობებზე, „რომლის ნაწილია გავლენიანი მაუწყებლების მიმართ ლოილაური, ხოლო მცირებიუჯეტიანი ლოკალური მაუწყებლების მიმართ მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ ეს მიდგომა არ ქმნის არათანაბარ პირობებს”.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი- AB აქამდეც აწვდიდა მთავრობას კონკრეტულ წინადადებებს, მზა პოლიტიკის დოკუმენტს, მედიასექტორში, აუდიო-ვიზუალური მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად, თუმცა პასუხად პოლიტიკური ნება დღეს გამოხატულია იმ მილიონობით დავალიანებებში („რუსთავი 2-ს“ 28 მილიონამდე, „იმედს“ – 19 მილიონის ფარგლებში, „მაესტროს“ კი 9 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვთ დაგროვილი), რაზეც ფინანსთა სამინისტრო დღეს თავად საუბრობს.

რეგიოულ მაუწყებელთა ალიანსი – AB, მოვითხოვთ მთავრობამ ამჯერად მაინც აწარმოოს ფართო მსჯელობა საკითხის ირგვლივ. ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მზაობას ჩავერთოთ პროცესში და წარვადგინოთ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები”, – წერია განცხადებაში.