თბილისის „დინამო“ – როტერდამის „ფეიენოორდი“ – უმაყურებლოდ და თითქმის, უშანსოდ
დღეს, 15 აგვისტოს, თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდს“ უამსპინძლებს. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება.
პირველი მატჩი, რორტერდამში ჰოლანდიელთა სრული უპირატესობით არიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ამდენად, განმეორებით შეხვედრაში „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი აქვს.
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელ ფელის ვისენტეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არც დაუმალავს, რომ 15 აგვისტოს მატჩს რეალისტურად უყურებს, თუმცა იმედი აქვს, რომ გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს. იქვე მან დაამატა, რომ 0:4-ის წაგების შემდეგ პლეიოფში გასვლა, ფაქტობრივად, არარეალური ამოცანაა.
როტერდამული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა კი მეტოქისადმი პატივისცემა გამოავლინა და წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდმა აგრესიულად უნდა ითამაშოს და ბოლომდე იბრძოლოს, რადგან ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი შეიცვალოს.
„დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი – ჩეხი მიროსლავ ლიბაა.
უეფას მიერ „დინამო თბილისისთვის“ გამოტანილი სასჯელის მიხედვით, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის. ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ქართული გუნდი აზერბაიჯანული „გაბალას“ მატჩის დროს ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელშიც, უეფას სადისციპლინო კომიტეტის წვერთა თქმით, ნაცისტური სიმბოლიკა იყო გამოსახული.
„დინამო არენაზე“ 15 აგვისტოს შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.