ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს ჰონგ-კონგში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისისთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ჰონგ-კონგში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისისთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისთვის შეხვედრას სთავაზობს.

როგორც პრეზიდენტ ტრამპის „ტვიტერის“ პოსტშია აღნიშნული, იგი დარწმუნებულია, რომ სი ძინპინი ჰონგ კონგის პრობლემას „სწრაფად და ჰუმანურად“ მოაგვარებს.

„მე ჩინეთის პრეზიდენტ სის კარგად ვიცნობ. ის დიდებული ლიდერია, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს საკუთარ თავს. სრულიად არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ პრეზიდენტ სის ჰონგ კონგის პრობლემის „სწრაფი და ჰუმანურად“ მოაგვარება სურს,“ – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერის“ პოსტს მოკლე შეკითხვით ასრულებს : „პირადი შეხვედრა?“

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათს საღამოს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი შეტაკება მოხდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მომიტინგეების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ მათი საქციელი „ტერორიზმს უახლოვდება.“

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა კი ჩინეთს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, „ვინაიდან ამერიკელ ხალხს კარგად ახსოვს ტიანანმენის მოედანი.“ მან აღნიშნა, რომ 1989 წელს სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის არმიის გამოყენებით დარბევის გამეორება „დიდი შეცდომა იქნება.“

You may have missed