Huawei აშშ-ს კიბერშეტევებში ადანაშაულებს

Huawei შეერთებული შტატების მთავრობას მისი ბიზნესის დანგრევისთვის ყველა ხერხის გამოყენებაში ადანაშაულებს. ასეთი განცხადება კომპანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Huawei-ს მიერ სმარტფონების კამერის პატენტების მოპარვის საქმეს იძიებს. 

3 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მის საინფორმაციო ქსელში შესაღწევად კიბერშეტევებს ახორციელებს და კომპანიის თანამშრომლებს ემუქრება. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ FBI-ს აგენტები Huawei-ს თანამშრომლების სახლებში შედიოდნენ და კომპანიაზე ინფორმაციის შეგროვებას აიძულებდნენ. 

კომპანიამ, რომელიც 2018 წელს აშშ-ის შავ სიაში მოხვდა, ამ ბრალდებების მტკიცებულებები არ წარადგინა. „მკაცრად ვგმობთ აშშ-ის მთავრობის Huawei-ს დისკრედიტაციის მცდელობებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ოფიციალურ ვაშინგტონს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

Huawei აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ეპიცენტრში მოექცა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

You may have missed