პენტაგონმა მექსიკის კედლის მშენებლობისთვის $3.6 მილიარდი გამოყო

პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 3.6 მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

კედლის მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო და ის თავდაპირველად გათვალისწინებული იყო როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებში აშშ-ის 127 სამხედრო ობიექტის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. შესაბამისად, ახლა ამ ობიექტების მშენებლობა შეჩერდა.

ივლისის ბოლოს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აშშ-ს მთავრობას უფლება მისცა, რომ კედლის მონაკვეთის მშენებლობისთვის პენტანგონის ბიუჯეტი გამოიყენოს.

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენება სურს, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ  მექსიკის საზღვარზე კედელი ფოლადისგან დამზადდებოდა და არა ბეტონისგან, როგორც ეს ადრე იყო გადაწყვეტილი. მანამდე კი ტრამპმა Twittter-ზე კედლის პროექტის ფოტო გამოაქვეყნა.

კედლის მშენებლობისთვის სახსრების გამოყოფის თაობაზე კონგრესში აზრთა სხვადასხვაობის გამო, მთავრობამ მუშაობა 2018 წლის დეკემბერში შეაჩერა. ე.წ. შათდაუნი 22 დეკემბერს დაიწყო.

You may have missed