ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკა და ამოცანაა ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გავხდეთ

0
3

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გუშინდელი კონფერენცია, სადაც ნატოში საქართველოს წევრობის შესაძლებლობებს განიხილავდნენ, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ნატოს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატოს მიმართ. ამასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა და ამოცანაა გახდეს ნატოს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად, “სრულად, მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და ეს ნატოს სურვილიც არის მას შემდეგ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატოს მუშაობისა და ასე შემდეგ საკითხი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, პარლამენტის ვიცესპიკერმა განმარტა, რომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება ნატოს ოფიციალური შემოთავაზება არ არის:

“მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ნატოსთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატოც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღები არის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

“თუ გადაწყვეტთ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება”, – განაცხადა 10 სექტემბერს ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.

“ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ, ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს გადაუწყვეტელი სასაზღვრო საკითხები რუსეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მეხუთე მუხლის მთელ საქართველოზე გავრცელება. ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო ნატო-ს. ეს საქართველოს მთავრობის და ნატო-ს საბჭოზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება.