მელია: ეს პროკურატურა არ არის, თადუმაძეებში ვარ მოსული

0
2

ნიკა მელია პროკურატურაში მივიდა. მას საქართველოს გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევას ედავება. საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლას ეხება.

პროკურატურის განმარტებით, თუ მელია კიდევ დაარღვევს აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ პირობას, კერძოდ, თუ საცხოვრებელ ადგილს პროკურატურის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე დატოვებს, მის მიმართ შესაძლოა უფრო მკაცრი ღონისძიება გამოიყენონ. ასევე, მას საზოგადოებრივ ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება. 

ნიკა მელიას განცხადებით კი, მას როგორც დეპუტატს უფლება აქვს საჯარო განცხადებები გააკეთოს, ან ამომრჩეველს შეხვდეს. შესაბამისად, ის არ ფიქრობს, რომ რამე დაარღვია და სხვა ტელევიზიებში მისვლას კვლავ აპირებს. 

„ეს პროკურატურა არ არის, თადუმაძეებში ვარ მოსული“, – აღნიშნა მან.

დეპუტატმა უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ნიკა მელიას დღეს, 13 სექტემბერს, პროკურატურაში მის მიმართ წაყენებულ ბრალი და პირობები კიდევ ერთხელ გააცნეს. 

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა.

„2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.