ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა კონსენსუსის გარეშე დასრულდა

0
5

ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც ერგნეთის ტექნიკური შეხვედრის მონაწილეებმა მიაღწიეს, მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობას ეხება. ისევე როგორც წინა შეხვედრებზე, დღესაც მხარეებმა რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამო სხვა საკითხებზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

თავის ადგილზე დარჩება სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნას ოკუპირებულ წნელისთან უკანონო საგუშაგოს აღებისა და დე ფაქტო ცხინვალის ორი დროშის მოხსნის შესახებ, ამაზე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა კვლავ უარი განაცხადეს. 

რაც შეეხება ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, ის კვლავ მოქმედებს და გზის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დე ფაქტო ცხინვალმა გზის ჩაკეტვა ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. მათი განცხადებით, გზა დაძაბულობის მოხსნის შემდეგ გაიხსნება. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ირაკლი ანთაძის შეფასებით, ეს არის დესტრუქციული ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

დღეს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება. მისი ჩატარების თარიღის შესახებ მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან.

9 სექტემბერს ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „მოსაბრუნსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა. 

7 სექტემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

უკანონო შეზღუდვებს წინ უძღოდა ერგნეთში გამართული შეხვედრა, რომელზეც სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები განიხილეს.

საქმე ეხება ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს, რომლის მოწყობა დეფაქტო ხელისუფლებამ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ დაიწყო.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.