პაატა იმნაძე – წელს გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით 100 000 ადამიანი აიცრება და აცრები ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება

0
2

„წელს გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით 100 000 ადამიანი აიცრება და აცრები ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში ზამთრის ვირუსების სეზონი ჩვეულებრივ ნოემბრის ბოლოდან იწყება ხოლმე.

„ნოემბრის ბოლოდან იწყება რესპირატორული ინფექციების, მათ შორის გრიპის ვირუსის ცირკულაცია. წელს 100 000 ადამიანი აიცრება გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით და აცრები ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. რამდენადაც ვიცი, კერძო კომერციულ სექტორსაც შემოაქვს გრიპის ვაქცინები და ვინც სახელმწიფო პროგრამაში არ არის, ეს აცრები მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ამჟამად, ცუდი ამინდების შემდეგ ასე ვთქვათ, მზემ ისევ გამოიხედა, ამიტომ ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის ინფექციები გრძელდება. განსაკუთრებული საშიშროება არ არის მოსალოდნელი, თუმცა წითელასი ისევ გვეშინია, ვინაიდან ზაფხულში სიტუაცია კი მიწყნარდა, მაგრამ ზაფხული წითელასთვის გავრცელების ხელსაყრელი პერიოდი არ არის და რადგან წითელას შემთხვევები მაინც არ გაჩერებულა, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, შემოდგომაზე ისევ შემოგვიტიოს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო და ისევ მოვუწოდებთ საზოგადოებას წითელას კომპონენტიანი, ანუ წითელა-წითურა-ყბაყურის აცრისკენ. ეს აცრა საქართველოში ყველა ბავშვსა და არა მარტო მათ შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ სახელმწიფოსგან“, – განაცხადა იმნაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წითელას მომატებისა და საფრთხის არსებობის შესახებ.

„ჩვენ ვართ იმ ქვეყნებში, სადაც წითელამ შარშანდლიდან დაწყებული წელს საკმაოდ ფართო გავრცელება მოიპოვა. შესაბამისად, ვართ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ქვეყნების ჩამონათვალში. თუმცა ორგანიზაციას უფრო აწუხებდა, რომ წითელა იმ ქვეყნებშიც კი შებრუნდა, სადაც ის პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო, ჩვენთან კი წითელა ისედაც შემობრუნებულია“, – აღნიშნა იმნაძემ.