მნიშვნელობა არა აქვს, სად აღიმართება “სასაზღვრო” ინფრასტრუქტურა – ეს არის უკანონო – ბერაია |

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომისიას აქტიური კომუნიკაცია ექნება ყველა შესაბამის უწყებასთან.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ინფორმაციას ფლობს დეპუტატი ჩორჩანაში ბოლოს დროს განვითარებულ პროცესებზე, სადაც მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრ დავით ქაცარავას თქმით, რუსმა სამხედროებმა 2 საგუშაგო აღმართეს და 300 ჰექტარამდე ტერიტორია საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა.

“ჩვენ ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს კარგად – მნიშვნელობა არა აქვს, სად გადის საოკუპაციო ხაზი, მნიშვნელობა არა აქვს, სად ხორციელდება უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ელემენტების აღმართვა: ადმინისტრაციულ საზღვართან, ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში თუ სადმე სხვაგან. ყველა კომპონენტი უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა არის უკანონო და მისი აღმართვა ატარებს მოხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციულ ხასიათს. მთავარი ამოცანა ამ დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ არის, რომ შევინარჩუნოთ ადგილზე მშვიდობა და მოვახდინოთ ვითარების დეესკალაცია. სწორედ მშვიდობას და ვითარების დეესკალაციას ემყარება დეოკუპაციიის მიმართულებით ყველა სხვა საქმიანობის ეფექტიანობა”, – განაცხადა ბერაიამ.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო წლების მანძილზე არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რაც კარგად ჩანს სუს-ის ანგარიშიდან.

“მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა, ჩვენი გონივრული და წინდახედული პოლიტიკით, ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღების უნარით და შესაძლებლობით, ჩვენ შევძელით ადგილზე უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება”, – დასძინა მან.

კითხვაზე, საოკუპაციო მხარის ქმედებები არის თუ არა პაუსხი ქართული საგუშაგოს განთავსებაზე, ბერაია პასუხობს, რომ ქართველი სამართალდამცველების ქმედება ადგილზე ემსახურება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საოკუპაციო ძალის მიერ აღმართული უკანონო “სასაზღვრო” ინფრასტრუქტურა კი უნდა დაექვემდებაროს დემონტაჟს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საოკუპაციო ძალებმა ქართულ საგუშაგომდე მისასვლელი გზა გადაკეტონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს ორ ადგილზე აწარმოებენ. მათივე თქმით, ოკუპირებულ სოფელ წნელისში კი საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო არის განთავსებული.

ამავე თემაზე:

საოკუპაციო ძალები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ – სუს-ი

You may have missed