არჩილ თალაკვაძე – რუსეთს არ ადარდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, აქვს კონკრეტული ტერიტორიული ინტერესები და ცდილობს მათ განმტკიცებას – 1TV

არჩილ თალაკვაძე – რუსეთს არ ადარდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, აქვს კონკრეტული ტერიტორიული ინტერესები და ცდილობს მათ განმტკიცებას

რუსეთის ფედერაციას თავის დღის წესრიგი აქვს, რომელიც ითვალისწინებს ოკუპაციის კიდევ უფრო განმტკიცებას, საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისთვის, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„ამას თვალს ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ. ასევე, თვალს ვადევნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს და იარაღის ჟღარუნის გარდა არაფერი არ ესმის დანარჩენ მსოფლიოს მაშინ, როცა საქართველო ვითარდება, აქვს სოციალური დაცვის ახალი მექანიზმები, ახალი ინფრასტრუქტურა, უვიზო მიმოსვლა და რეფორმირების პროცესში მყოფი განათლების სისტემა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამოქალაქეებს შევთავაზეთ, რომ ამით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ისარგებლონ, თუმცა სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დე -ფაქტო რეჟიმების მხრიდან არავითარი ენთუზიაზმი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ეს ინიციატივები პირდაპირ დაბლოკოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, თუ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ბედი მართლა აწუხებს, ასეთ ინიციატივებს ცალსახა მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსეთს ადარდებს არა იქ მცხოვრები ადამიანები და მათი ბედი, არამედ კონკრეტული ტერიტორიული ინტერესები აქვს და ცდილობს, ამ ინტერესების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„ამ პრობლემის წინაშე საქართველო არ არის მარტო. გვაქვს დასავლელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. როდის იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნატო-ს კოლექტიურ გადაწყვეტილებაზე. სხვა ვერავინ ჩვენს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს ქვეყანას ჩვენ ვაკონტროლებთ და საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება უზრუნველყოთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

You may have missed