ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge ლომჯარია მაჩალიკაშვილის საქმეზე-პროკურატურამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განმარტებები

ლომჯარია მაჩალიკაშვილის საქმეზე-პროკურატურამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განმარტებები

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მოისმენს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2018 წლის ანგარიშს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.

ანგარიში იწყება მსჯელობით სიცოცხლის უფლების შესახებ და პირველ ყოვლისა, განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიების მიმდინარეობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ყველა საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზეც. ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა, არ ემსახურებოდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი რეკომენდაცია სამოხელეო დანაშაულის მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ, არ შესრულდა.

სიცოცხლის უფლების ჭრილში განხილულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.

სახალხო დამცველი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ ასახელებს არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიან ბრძოლას. ანგარიშის თანახმად, მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ, პენიტენციარული სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდა.

ანგარიშის მიხედვით, პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ მიმართვიანობის შემცირების მიუხედავად, თითქმის ორჯერაა გაზრდილი დაკავებისას მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი. აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ცხრაჯერ არის გაზრდილი.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, საუბარია უკანონო დაკავებების შემთხვევებზე, 12 მაისის სპეციალური ოპერაციის დროს სამხრე კამერების გამოყენების ხარვეზებზე. საუბარია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიებაზე და ამ კუთხით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.

სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მიმოხილულია სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული თანასწორობა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა.

2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 შემთხვევა. ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტიდან 11 ოჯახური დანაშაულის პირობებში იქნა ჩადენილი. მათგან 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება.

ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ეს ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ძალადობას.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობა. შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.

შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, მთავარ პრობლემას სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა და კონტრდემონსტრაციების არაეფექტიანი მართვა წარმოადგენს.

სახალხო დამველის ანგარიშში ასევე, ნათქვამია, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულმა არაეფექტიანმა საკანონმდებლო რეგულირებამ 2018 წელს წარმოებაში უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანის დაღუპვა და 199-ის დაშავება გამოიწვია, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.

დოკუმენტში ყურადღება ეთმობა თვითნებური დასჯის პრაქტიკასა და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას. სახალხო დამცველი საუბრობს ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც და ამ მიმართებით წარმოდგენილია რეკომენდაცია შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის შესახებ.

ანგარიშში შეფასებულია საარჩევნო უფლების რეალიზაცია, საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე ნეგატიური კამპანია, წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებასა და დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ცალკე თავები ეთმობა ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულთა უფლებებს.

ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ აქტუალურია ეროვნული უმცირესობების განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი.

სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიუღებლობა კვლავ მწვავე პრობლემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე.

რელიგიის თავისუფლების კუთხით წლებია არ გადაჭრილა ისტორიული საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული დარღვევებისა და უთანასწორო გარემოს, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების პრობლემა.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები