მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში – ავსტრალიიდან ამერიკამდე -კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა წიაღისეული საწვავის ხანის დასრულება და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიანი გადანაწილება მოითხოვეს.
დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში 150-მდე დემონსტრაცია გაიმართა, ავსტრალიაში კი აქციას დასაწყისში 300 000 ადამიანი შეუერთდა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც მილიონზე მეტ მოსწავლეს სკოლის გაცდენის და აქციაში მონაწილეობის უფლება მისცეს.
აქცია 2018 წელს შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა მოიგონა, რომელიც ამ იციატივისთვის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. მან განაცხადა, რომ არ ივლის სკოლაში პარასკევობით მანამ, სანამ ხელისუფლება პარიზის კლიმატის ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებს. დღეს ტუნბერგის იდეას მთელ მსოფლიოში დაუჭირეს მხარი. 16 წლის აქტივისტი აქციას შეუერთდა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ მისი მოძრაობა „Fridays For Future“ არის. ამ მოძრაობისთვის ტუნბერგს Amnesty Internaitonal-ის ჯილდო გადაეცა.
23 სექტემბერს კლიმატის ცვლილებაზე გაეროში ისაუბრებენ. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საგანგებო სხდომას გამართავს და მსოფლიო ლიდერებს 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს.
პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.
ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, პარიზის შეთანხმების მიზნის მიღწევით, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირების შედეგად 2050 წლისთვის მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
პარიზის შეთანხმება მიიღეს 2015 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში მოაწერა.
აშშ გლობალურ შეთანხმებას ოფიციალურად 2017 წლის ივნისში გამოეთიშა.