„მარწყვების საქმიდან“ ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელებმა კენკრაში ნემსები კვლავ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი The Age-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა შტატ ვიქტორიაში მოხდა. დაზარალებულმა ქალმა ნემსი ტორტის მოსამზადებლად ნაყიდ მარწყვში იპოვა.
„შოკში ვიყავი, არ მჯეროდა. ჩემ შვილებს მარწყვი ხელში ეჭირათ, ჭამას აპირებდნენ. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ ნემსიანი კენკრა სწორედ მე შემხვდა“, – ამბობს დაზარალებული.
შტატის პოლიციის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.
2018 წლის სექტემბერში ავსტრალიის სუპერმარკეტებში მარწყვში ნემსების და ქინძისთავების აღმოჩენის 186 შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით მარწყვის ფერმის ზედამხედველი ქალი დააკავეს, რომელიც ახლა პატიმრობაშია და სასამართლოს ელოდება.