კალაძეს ჯიშკარიანის წინააღმდეგ ბრალდების დაჯერება უჭირს

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „რამდენიმე წელია, ილია ჯიშკარიანს ვიცნობ და წარმოუდგენელია, მძიმეა, რაც მას ბრალდება, დაველოდოთ გამოძიებას,“ – განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, თუკი დადასტურდა გავრცელებული ბრალდება, ეს ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.

„წარმოუდგენელია, ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. მას ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. მძიმე ბრალდებაა და დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები და დაველოდოთ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. თუ დადასტურდა ეს, ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

ბრალდებებთან დაკავშირებით ილია ჯიშკარიანი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ „შეუძლოდ არის“.

„ნიუ ჰოსპიტალში ვარ და ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს დეპუტატი, ხოლო TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა მის მიმართ არსებულ ბრალდებას, ილია ჯიშკარიანმა არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

რამდენიმე თვის წინ კი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა სექსუალურ შევიწროებაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი ბრალდებებს ბინძური კამპანია უწოდა.

You may have missed