27 წლის ავსტრალიელი მოკრივე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

0
4

ავსტრალიელი მოკრივე დუაიტ რიჩი ვარჯიშის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ინციდენტი მელბურნში მოხდა, სადაც რიჩი მაიკლ ზერაფასთან ერთად ვარჯიშობდა. 27 წლის სპორტსმენის გარდაცვალება მისმა პრომოუტერმა ჯეიკ ელისმა დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუცლის არეში მიღებული დარტყმის შემდეგ რიჩი რინგის საკუთარი კუთხისკენ წავიდა, წაიქცა და ვეღარ წამოდგა.

„კრივის გულშემატკივრები ყოველთვის გაიხსენებენ დუაიტს, როგორც ავსტრალიის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოკრივეს“, – განაცხადა ჯეიკ ელისმა.

რიჩის ანგარიშზე 21 ბრძოლაში 19 გამარჯვება და 2 მარცხია. ბოლო ბრძოლა მან აგვისტოში, ტიმ ცზიუს წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა.