ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებიით 150-ზე მეტი რაკეტა ისროლეს – დაშავებულია 17 ადამიანი

0
10

ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებიით 150-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის გოგონაა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სარაკეტო იერიშები ისრაელის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ისრაელის რამდენიმე ქალაქში განგაშის სიგნალი იყო ჩართული. იქამდე კი ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინური ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს. მას შემდეგ ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისრაელის მიმართულებით საპასუხო შეტევას აუცილებლად განახორციელებდნენ.

მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის სიტუაციის ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა ქვეყნის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.